LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა, რასაც ვერც „არჩევნები“ და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი“ ვერ შეცვლის: აშშ-ს საელჩო საქართველოში

338
აშშ-საქართველო

„შეერთებული შტატები არ აღიარებს 10 აპრილს საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონში გამართულ ეგრეთ წოდებულ საპრეზიდენტო არჩევნებსა და მის შედეგებს“, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, რასაც ვერც „არჩევნები“ და ვერც აპრიორი უკანონო „რეფერენდუმი“ ვერ შეცვლის, რომელიც სამხრეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში შესვლისკენ მოუწოდებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს

„ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ახლა, როდესაც რუსეთი უკრაინაში სასტიკ, არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ ომს აწარმოებს და გამიზნულად ესხმის თავს უკრაინელ ხალხსა და ქალაქებს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია დაცვა ამ ფუნდამენტური პრინციპებისა, რომელიც საერთაშორისო უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს.

ამიტომ, მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს თავისი ომი უკრაინაში და მის მიერ საქართველოს ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ყველა ვალდებულება. მათ შორის, რუსეთის ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმება და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფლად გადაადგილების უზრუნველყოფა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.