აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარებიდან ერთი წელი გავიდა. ჟურნალისტის ადვოკატის, არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით მუხთარლის სავარაუდო გატაცებიდან ერთი წლის თავზე გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს არ გაუსაჯაროებიათ.
მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში სპეციალური კომისიის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს. განსხვავებული პოზიცია აქვს მმართველ გუნდს. ისინი ამ ეტაპზე კომისიის შექმნის აუცილებლობას ვერ ხედავენ.
„მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელი გავიდა და არა ერთი დაპირება იყო საქმის გამოძიების თაობაზე, დღემდე რაიმე მნიშვნელოვანი გარემოება გამოძიებული არ არის, ანუ, ისევ უცნობია ოფიციალურად, თუ როგორ აღმოჩნდა ქალაქის ცენტრიდან აზერბაიჯანის ციხეში აფგანი და როგორ აღმოჩნდა ისე, რომ ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. დღემდე ვისმენთ მოწოდებას, რომ დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა ფაქტია, რომ ამ გამოძიებას არანაირი შედეგი არ მოაქვს. სწორედ ამიტომ იმართება აქცია, იმის შესახსენებლად, რა მოხდა ერთი წლის წინ და ასევე იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები მომავალში იყოს დაცული,“ – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
დღეს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქციაა დაგეგმილი.
აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისის ცენტრალური უბნიდან გაუჩინარდა. აზერბაიჯანში აფგან მუხთარლის ბრალად ედება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზღვარზე თანხის არადეკლარირებულად გადატანა, რისთვისაც მას ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.