აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის განცხადებით, პროკურატურაში ჩვენება ვერ მისცა, რადგან აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი არ ჰყავდათ. ამის შესახებ მუხთარლიმ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.
“პირველად თურქული ენის თარჯიმანი მოიყვანეს, უარი ვთქვი. საათ-ნახევარში ახალი თარჯიმანი მოვიდა და დავიწყეთ საუბარი. თუმცა, ნათელი გახდა, რომ აზერბაიჯანული მანაც არ იცოდა, ამიტომაც იქ, დღეს, არაფერი ხდებოდა”, – თქვა მან ჟურნალისტებთან და დასძინა, რომ გამოკითხვა ხვალ იქნება.
აზერბაიჯენალი ჟურნალისტი იმედოვნებს, რომ უწყებას ხვალ თარჯიმანი ეყოლება.
შეგახსენებთ, რომ საგამოძიებო უწყება მის უფლებადამცველს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ჟურნალისტი, ორი დღის წინ, საქართველოში ჩამოვიდა. არჩილ ჩოფიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მზად არის მისი თბილისიდან აზერბაიჯანში გატაცების დეტალებზე ისაუბროს და ის ადამიანებიც დაასახელოს, ვინც აზერბაიჯანული მხრიდან მისი გატაცების ოპერაცია დაგეგმა.