“მამაკაცს სასუნთქი გზები აქვს დაზიანებული და სხეულის 65 პროცენტის დამწვრობა აქვს მიღებული,”- ამის შესახებ განცხადება დამწვრობის ცენტრის მორიგე ექიმმა ირაკლი ჯაშმა გააკეთა. “დამწვრობის ფართი შეადგენს 60-65%-ს, მესამე ხარისხის დაზიანებაა, აღენიშნება სასუნთქი გზების დამწვრობა და დამწვრობითი შოკი, ამ წუთისათვის მდგომარეობა მძიმეა. უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები.”- განაცხადა ექიმმა.
ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადებენ, რომ „პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სამი პაციენტია გადაყვანილი, ერთი კაცი და ორი ქალი. ხეჩინაშვილში მოთავსებულია ერთი მამაკაცი, „ჰერაში“ გადაყვანილია ერთი პაციენტი, ქალბატონი. ორი პაციენტი, რომელიც აფეთქების შემდეგ მერვე საავადმყოფოში გადაიყვანეს უკვე გაეწერა კლინიკიდან.”
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამიშვილის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება“, – აცხადებენ შსს-ში.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, რომ კორპუსის მცხოვრებლებს, სადაც დღეს აფეთქება მოხდა ქირით გადაიყვანენ.