საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად პრობლემა აღმოიფხვრა.
როგორც ადვოკატმა კლინიკა “ვივამედში”სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იყო საერთო სისუსტით გამოწვეული გონების დაკარგვის მომენტი.
„სამი დღის წინ კინაღამ ხელში ჩამაკვდა… 4 წუთი ვერ ამოისუნთქა“ – გიული ალასანია სააკაშვილზე
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვინახულე და მასთან საუბრისას ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ მან, გუშინ, გვიან ღამით გონი დაკარგა, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ იმისთვის, რომ მყისიერად აღმოჩენილ იქნა სამედიცინო დახმარება.
წარმოდგენა არ გვინდა თუ რა შეიძლება მომხდარიყო, თუკი ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იქნებოდა. ახლა მიხეილ სააკაშვილი ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის სერიოზული პრობლემები, რაც მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს არსად არ გამქრალა. იგივე მდგომარეობაშია, უბრალოდ გონების დაკარგვის შემდეგ მისი გონზე მოყვანა მოხერხდა და არის ისე, როგორც ადრე”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.
მისივე განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილთან მათ ისაუბრეს სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც ექსპერტები ხუთთვიანი ლოდინის შემდეგ დაშვებულნი იქნებიან მიხეილ სააკაშვილთან.
საძაგლიშვილის თქმით, არ აქვს ინფორმაცია როდის იქნება მიწოდებული სასამართლო განჩინება პენიტენციური სამსახურისთვის.
„პროცესის შემდეგ ჩვენ დავუკავშირდით სასამართლოს, თუმცა ძალიან ცოტა დრო იყო გასული სასამართლო გადაწყვეტილებიდან, ჯერჯერობით არ არსებობდა წერილობითი ფორმა. მალე მოგვარდება ეს პროცედურა”, – განაცხადა საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის საქმის მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა პენიტენციურ სამსახურს დაავალა, სააკაშვილთან ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები დაუშვას. აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატებმა შესაბამისი შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოში დააყენეს.
შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო ცენტრ “ვივამედში” მე-14 დღეა იმყოფება.
მიხეილ სააკაშვილი “ვივამედში” მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც იუსტიციის სამინისტრომ, ყოფილ პრეზიდენტს გამოკვლევების და შესაბამისი მკურნალობის ჩასატარებლად კლინიკა “ვივამედში” გადაყვანა შესთავაზა.