გვანცა ბუღადაშვილი, რომელიც ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც „პოსტ ტვ-ის“ დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს, სიმართლის დამტკიცებას სამართლებრივი გზით გეგმავს.
როგორც მან „ფორტუნას“ განუცხადა, ადვოკატი, სავარაუდოდ, უკვე ხვალ ეყოლება. ამჟამად, გერმანიაში მყოფი გვანცა ბუდაღაშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სამართლებრივი ბრძოლისთვის საზღვარგარეთ ყოფნა მისთვის ხელის შემშლელი ფაქტორი ვერ იქნება.
მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქალმა, საჯაროდ დაწერა, რომ სხვადასხვა დროს შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ძალადობის სამიზნეები გახდნენ, გვანცა ბუღადაშვილმა პოსტს შალვა რამიშვილთან მიმოწერის „სქრინები“ დაურთო, რის შემდეგაც რამიშვილმა სოციალურ ქსელში დაბლოკა.
ჟურნალისტი მაკო ჯაბუა „პოს ტვ“-ის დამფუძნებელს სექსუალურ შევიწროებაში ამხელს - რას ამბობს შალვა რამიშვილი
„ზუსტად არ მახსოვს რომელი წელია. 7-8 წლის წინ დაახლოებით. ძალიან რთული იყო სამსახურის შოვნა, არავინ მყავდა, ვინც ხელს შემიწყობდა ამ კუთხით.“
„თუ სწორად მახსოვს, 2018 წელი იყო. შალვა რამიშვილმა მომწერა, გადაცემისთვის ახალ სახეებს ვეძებ და გასაუბრებაზე მოდიო. მეც, როგორც ყოველთვის, ძალიან მჭირდებოდა სამსახური. [მაშინ „პოსტ ტვ“ მხოლოდ ონლაინტელევიზია იყო], მივედი და რაც შემდეგ მოხდა, არავის, უკვე აღარავის გაგაოცებთ.
ვისაუბრეთ ყველაფერზე, პოლიტიკაზე, ჭამაზე, გართობაზე და მიადგა სექსუალურ საკითხებსაც. მითხრა, რომ განსაკუთრებული შარმი მაქვს და შემიძლია ჩემი შარმის წყალობით ბევრ რამეს მივაღწიო [ზუსტად არ მახსოვს, როგორ თქვა და ამიტომ ვერ ვციტირებ].
უხერხულობა ვიგრძენი და წამოვედი.
რამდენიმე დღეში ისევ მომწერა ან დამირეკა. სამსახურის დაწყება თუ გინდა, მოდი რაღაცები გავარკვიოთო. მივედი. უკვე ნასვამი იყო და მთელი არსებით პირდაპირ მოითხოვდა, რომ ჩემს ფეტიშებზე მელაპარაკა. რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთში წამოვედი და უკვე ნათელი იყო, ვისთანაც მქონდა საქმე და მივხვდი, რომ ამ „სამსახურის“ გზა საწოლზე გადიოდა.
მითხრა, რომ ზოგადად ეგეთი არაა და უბრალოდ მე ვარ განსაკუთრებული. ტასო ბარნოვას ამბავიც გავუხსენე და, რა თქმა უნდა, სისულელეებით სცადა თავის მართლება.
ამ ამბიდან მალევე „ევოში“ დავიწყე მუშაობა და მწერდა, რომ პირდაპირ საცოდაობაა, როცა ჩემნაირი ნიჭიერი გოგო ღამეებს კაზინოში ათენებს და მერე „შემახარბა“, რომ „პოსტ ტვ“-ი უკვე ნამდვილი ტელევიზია გახდა. ასეთი ადამიანები გვკიცხავენ ახალგაზრდებს და მთელი გულით მჯერა, რომ ძალიან, ძალიან მალე გაჰყვებიან კოლექტიური შალვა რამიშვილები იმ ცნობილ გემს,“ – დაწერა გვანცა ბუღადაშვილმა.
ბოლო 24 საათში, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე კიდევ ერთმა გოგომ, მსაიხობმა ანანანო იაშვილმა ისაუბრა.
ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა საჯარო პოსტი განათავსა და 18 წლის ასაკში მომხდარი ამბის დეტალები აღწერა.
„…წლებია თავს ვიკავებ, მაგრამ ქალური შეგრძნებები და ვალდებულებები არ მაძლევს იმის უფლებას, რომ სოლიდარობა არ გამოვხატო ყველა ქალის მიმართ, ვინც ეს გაიარა და ვაღიარო, რომ წლების წინ მეც გავხდი მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი!
18 წლის ასაკში, ბავშვი, რომელიც ვოცნებობდი მსახიობობაზე, ტელევიზიაზე, პირადად მან დამირეკა, დამიბარა გასაუბრებაზე ტელევიზიაში – ტვ იმედი, წინასწარ გამაფრთხილა, რომ გამომწვევად ჩაცმული მივსულიყავი [პერსონაჟია ასეთიო] გასაუბრებაზე. რა და როგორ მითხრა და რა გადავიტანე, ამას აღარ მოვყვები ამ ეტაპზე.
თვეების შემდეგ კიდევ დამირეკა ახალი შემოთავაზებით [წინაზე უარის შემდეგ] და წლების განმავლობაში პერიოდულად მიგზავნის ისტერიულად მეგობრობის თხოვნას, მერე აუქმებს, მერე მიგზავნის, მერე აუქმებს…. მანიაკია ჩვეულებრივი და ამ ადამიანს აქვს პლატფორმა, საიდანაც ვიღაცას რაღაცას მოუწოდებს! და თავისუფლად დადის ქუჩებში… მე კიდე წლები დამჭირდა ამ ტრავმის გადასახარშად,“ – დაწერა საკუთარ ფეისბუკგვერდზე ანანო იაშვილმა.
თავად შალვა რამიშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ „კამპანია ააგორეს“. ტელეკომპანიამ კი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.
„ლიბერალი ფაშისტების კიდევ ერთი მიზანია, დააბულინგონ და შეაშინონ ჩვენი გუნდის წევრები, ხელი ააღებინონ იმ ბრძოლაზე, რომელსაც ეს არხი ბოლო წლებია წარმატებით ეწევა.
ტელეკომპანია „პოს ტვ“ -ის დიდი გუნდის სახელით, ღიად ვაცხადებთ, რომ ლიბერალ-ფაშისტების ამ ამოცანას შესრულება არ უწერია და ფეიკების მამხილებელ ტელევიზიას ფეიკებით ვერ შეაშინებენ,“ – აღნიშნულია ტელეკომპანია „პოსტ ტვ“-ის ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.