LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი, რომელმაც ციხეში თითქმის 3 წელი გაატარა, 17 წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს – რა მოხდა 2005 წელს

469
მამუკა ადვოკატი ნოზაძე

2006 წელს უკანონოდ მსჯავრდებული, ადვოკატი მამუკა ნოზაძე, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ინფორმაცია ადვოკატთა ასოციაციამ გაავრცელა.

➡️ მამუკა ნოზაძეს 2005 წელს, იმჟამინდელი გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებულის მიმართ თითქოსდა საადვოკატო საქმიანობის განხორციელებისას ჩადენილ თაღლითობას ედავებოდა. სასჯელის სახედ და ზომად კი 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

➡️ ახალი გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ადვოკატს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ბრალდებულის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმესთან და არ ყოფილა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, ხოლო ბრალდებულის ოჯახის წევრმა უარყო მამუკა ნოზაძისთვის ფულადი თანხის გადაცემა, არარსებული კონსულტაციის ფაქტზე.

ასევე დადასტურდა, რომ მამუკა ნოზაძის მიმართ გამოძიება წარიმართა ტენდენციურად და არ მომხდარა ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა, ადგილი ჰქონდა ადვოკატის მიმართ მისი უფლებების უხეშ დარღვევას და ადვოკატის რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებას. შესაბამისად, ხელახალი გამოძიების შედეგად გამოირიცხა მამუკა ნოზაძის მხრიდან რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

ცხადია, არც დაკავებისას და არც განაჩენის გამოტანის დროს 2006 წელს და არც ამჟამად, ახლადგამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადასინჯვისას, არ არსებობდა მტკიცებულებები, რომელიც რაიმენაირად დაადასტურებდა ადვოკატის დანაშაულებრივ ქმედებას, რაც აისახა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 20 მაისის განაჩენში.

➡️ მამუკა ნოზაძის მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა და მის მიმართ უკანონო ბრალდება ასევე, დადასტურდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის რეაბილიტაციის კომისიისა (2018 წლის) და სახალხო დამცველის (2008 წლის) დასკვნებით, რომელიც შეტანილ იქნა სახალხო დამცველის საპარლამენტო მოხსენებაში.

 

რა მოხდა და რის გამო დაიჭირეს ადვოკატი წლების წინ – ამის გარკვევას „ფორტუნა“ მამუკა ნოზაძესთან შეეცადა. 

 

„2 წელი და 7 თვე გავატარე ორთაჭალის მეხუთე საპყრობილეში. განაჩენი მომისაჯეს საქმეზე, რომელშიც მე საერთოდ არ ვფიგურირებდი.

ვინმე ვართაპეტიანი,  ჩემს საადვოკატო ბიუროში მოვიდა,  რომელსაც მობილურის ქურდობისთვის ემუქრებოდა სასჯელი. მე მის დაცვაზე უარი განვაცხადე, რადგან ასეთ წვრილმან საქმეზე არ გამოვდიოდი ხოლმე. ოფისის ერთ-ერთმა ადვოკატმა აიღო ვალდებულება მის დაცვაზე, რომელიც წარმატებულად განახორციელა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

შემდგომ მან ეს გირაო არ გადაიხადა. აღმოჩნდა რომ მისმა დამ ვითომ გადაიხადა გირაო. ბანკში გახსნა ანგარიშის ნომერი და მოიტანა ადვოკატურაში წიგნაკის ასლი. (მაშინ გადახდა სხვაგვარად ხდებოდა, ახლა ეს ყველაფერი ელექტრონულად მიმდინარეობს.)

სინამდვილეში ვართაპეტიანის დამ მოიტყუა.

მოგვიანებით მოსამართლემ პირდაპირ ბრძანებაში ჩაწერა, რომ ვართაპეტიანის დედამ გამოძიება შეცდომაში შეიყვანა, რადგან მან არ გადაიხადა თანხა და ყალბი საბუთი იქნა წარმოდგენილი.

ბიჭის დედასა და პროკურატურას შორის მოხდა გარიგება. უთხრეს  თქვი, რომ ვითომ ორმა ადვოკატმა კონსულტაცია გაგიწიაო. ამ ქალს ათქმევინეს, რომ კონსულტაცია მე გავუწიე.

ჯერ ერთი ადვოკატთან  კონსულტაცია არის კონფიდენციალური. მე მასთან არანაირი კონსულტაცია არ მქონია. მე მას საქმეზე თავიდანვე უარი ვუთხარი, რატომ გავუწევ ადამიანს კონსულტაციას, თუ მინდა, ავიღებ საქმეს. ადვოკატი არაა შეზღუდული საქმის აღებაში.

არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდათ, მაგრამ ეს ხდებოდა 2007 წელს და ადვოკატის დაჭერით უნდოდათ, კორპუსი დაეშინებინათ.

სასამართლოზე ეს ქალი ამბობდა, რომ კონსულტაცია გაგვიწია და ნებაყოფლობით მივეცი სამასი ლარიო.

გირაო რომ შეეფარდა, ეს ამბავი უნდა გაეკონტროლებინა პროკურორს და ამ საქმის პროკურორი იყო ლევან მურუსიძე. მან ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება.

მოხდა ის, რომ ოჯახის წევრებმა უკანონობა ჩაიდინეს  და შემდგომ უთხრეს, თუ გინდა, რომ არ დაგიჭიროთ, მოდი, ორ ადვოკატს ხელი დაადეო და შესაბამისად ვუზრულველყობთ, რომ შენ არ დაგიჭიროთო. მართლაც ეს საქმე „ათრიეს“ და საბოლოო ჯამში საპროცესო გარიგებით დამთავრდა.

2005 წლიდან დღემდე არ შემიწყვიტავს ბრძოლა იმისთვის, რომ სამართლიანობას ეზეიმა და ჩემი გასამართლების უკანონობა დამემტკიცებინა.

პროკურატურამ ხელახალი გამოძიება ჩაატარა და სასამართლოს მიმართა განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით. ბუნებრივია ისევე, როგორც 2005 წელს, ახლაც, ხელახალი გამოძიების პირობებშიც არ არსებობდა არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ჩემს დანაშაულს დაადასტურებდა, შესაბამისად, ეს სასამართლოს განაჩენშიც აისახა და სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო.

მე ვიყავი უკანონოდ ბრალდებული და მსჯავრდებული ჩემი პროფესიული საქმიანობის გამო პროკურატურის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის პირადი ინტერესების გათვალისწინებით, რომელთა მიზანიც იყო ჩამოვეშორებინე პროფესიულ საქმიანობას.

ეს უკანონო დევნა ჩემი, როგორც ადვოკატის რეპუტაციის შელახვასა და მთლიანად ადვოკატთა კორპუსის დაშინებას ისახავდა მიზნად, იმ რეჟიმის პირობებში, როცა ადვოკატთა სისტემური რეპრესიები ხორციელდებოდა,“ – განაცხადა მამუკა ნოზაძემ „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები