LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადმინისტრაციული ჯარიმა შესაძლებელია გასაჩივრდეს ორი გზით – იურისტი დეტალებს განმარტავს

3354
FORTUNA.GE (56)

როგორც ცნობილია, 28 ნოემბრიდან საქართველოს მასშტაბით, კვლავ ამოქმედდა კომენდანტის საათი, კოვიდ ინფექციის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით.

შსს-ს ინფორმაციით, ყოველდღიურად, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის  ასობით ადამიანი ჯარიმდება.

„კომენდანტის წესრიგის“ გამოცდილება საქართველოს მოქალაქეებს გაზაფხულზე უკვე ჰქონდათ. როგორც პირველ ეტაპზე, დღესაც ჯარიმების თემა აქტუალურია. ამასთან დაკავშირებით კი „ფორტუნა“ არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლებრივი კვლევის, სწავლებისა და დახმარების ცენტრის იურისტს – ნიკოლოზ ფხალაძეს დაუკავშირდა.

გვესაუბრეთ „კომენდანტის საათის ჯარიმების“ შესახებ, რას ითვალისწინებს ან არ ითვალისწინებს შესაბამისი მუხლი?

უკვე ცნობილია, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42.10 პრიმა მუხლის  მიხედვით გათვალისწინებულია ფიზიკური პირისთვის 2000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი ჯარიმა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ დარღვევა განმეორდება უკვე დგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია ჯარიმის თანხა?

იმ სოციალური ფონის გათვალისწინებით, რაც ქვეყანაშია და ამას დამატებული პანდემიით გამოწვეული უმუშევრობა – შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჯარიმა არის არათანაზომიერად მაღალი. გარდა ამისა, შესაფასებელია ადამიანის ძირითადი უფლებების შეზღუდვა დადგენილებით რამდენად თავსებადია კონსტიტუციასთან.

იმ აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე საშვის გაკეთებას ვერ ახერხებს, როგორ უნდა მოიქცეს?

ამისათვის არსებობს ცხელი ხაზი 144 სადაც შესაძლებელია მიიღოთ დროებითი საშვი. ეს ისეთი შემთხვევაა როდესაც ავადმყოფ ადამიანს სჭირდება გადაუდებელი დახმარება ან არის გარდაცვალების შემთხვევა. მოქალაქეს შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე და აუხსნას არსებული ვითარება, შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შეამოწმებს კონკრეტულ შემთხვევაში მართლა არის თუ არა იმ დანიშნულების ადგილას ავადმყოფი, და სწორედ ამ ყველაფრის გადამოწმების შემდეგ გაიცემა საშვი.

გქონიათ თუ არა, კონკრეტული შემთხვევა  არასამართლიანად დაწერილ ჯარიმასთან დაკავშირებით?

იყო ერთი ასეთი შემთხვევა, როდესაც 2020 წლის ნოემბრის დასაწყისში დაგვიკავშირდა ერთი ადამიანი რომელიც თავის მეგობართან ერთად იმყოფებოდა აქციაზე პარლამენტის წინ. აქციიდან წამოსვლის შემდეგ, ლესელიძის ქუჩაზე იგი გააჩერა პატრულის თანამშრომელმა რომელმაც არ დაუწერა ჯარიმა, შემდეგ მეორე ეკიპაჟმა გააჩერა და დაუწერა2000 ლარიანი ჯარიმა. მოცემულ შემთხვევაში გამოხატვის თავისუფლების დარღვევასთან გვაქვს საქმე, ვინაიდან, ჯარიმის ადრესატს გააჩნდა მტკიცებულებები, რის მიხედვითაც დასტურდებოდა რომ იგი აქციიდან ბრუნდებოდა სახლში.

 

 

 

 

 

 

 

რამდენად თავსებადია ჯარიმის სიმკაცრე და მოქალაქის უფლება ერთმანეთთან?

ჯარიმის სიმკაცრე მოქალაქის უფლებასთან თავსებადი არ არის, ვინაიდან ჯარიმა საკმაოდ მაღალია, და თუ გავითვალისწინებთ დღევანდელ სოციალურ და ეკომომიკურ ფონს, ასეთი მაღალი ჯარიმა ნებისმიერი ოჯახისთვის ძალიან დიდი ტვირთია.

როგორ უნდა მოხდეს, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრება?

ადმინისტრაციული ჯარიმა შესაძლებელია გასაჩივრდეს ორი გზით, პირველ ეტაპზე საჭიროა მისი გასაჩივრება იმ ორგანოში რომელმაც გამოსცა აღნიშნული სამართლებრივი აქტი/ჯარიმა, აუცილებელია მიეთითოს ამ ჯარიმის გამომცემი თანამდებობის პირის სახელი და გვარი, თანამდებობა. დაინტერესებულმა მხარემ უნდა გაითვალისწინოს რომ მას აქვს  10 დღის ვადა რათა გაასაჩივროს საჯარიმო ქვითარი. იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გააუქმა საჯარიმო ქვითარი, მაშინ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეს გადაწყვეტილება გაასაჩივროს სასამართლოში ადმინისტრაციული წესით. ასევე, შესაძლებელია ადმინისტრაციული ორგანოს გამოტოვებით, პირდაპირ სასამართლოში მოხდეს ჯარიმის გასაჩივრება.

ფიქრობთ თუ არა, რომ სახელმწიფო კანონის მხრივ რაიმე კომპრომისზე უნდა წავიდეს ან დაწიოს ჯარიმის საფასური?

ამ ჯარიმების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ისედაც აღუსრულებელი იქნება, ვინაიდან ადამიანებს, რომლებსაც აღარ აქვთ შემოსავალი ან ქონება, ვერ გადაიხდიან ჯარიმებსაც, რაც დამატებით სხვა პრობლემებს წარმოშობს მათთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოხდეს ერთიანი გადაწყვეტილების მიღება და როგორც ზემოთ ვახსენე, ჯარიმების ჩამოწერა.

თქვენ როგორც იურისტი, რა გამოსავალს ხედავთ კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად?

 

ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს მთავრობის დადგენილების კონსტიტუციასთან შესაბამისობის დადგენა, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, პარალელურად უნდა მოხდეს ჯარიმების გასაჩივრება. ერთიანი გამოსავალი კი ალბათ, ისევ მთავრობის მხრიდან რაიმე აქტის გამოცემა იქნება, რომლითაც მოხდება ამ ჯარიმების ჩამოწერა.