LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილზე მოიყვანეს „ოცნების“ „ზონდერები“ – თსუ-სთან „შინ ევროპისკენ“ კამპანიის მონაწილეებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

456
ing (3)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ევროინტეგრაციის მხარდამჭერი სტუდენტები და “შინ ევროპისკენ” წევრების თსუ-ს მაღლივ კორპუსთან 3 ივლისის აქციის მხარდამჭერ კამპანიას ატარებდნენ და ბროშურებს არიგებდნენ.

ადგილზე მივიდა ახალგაზრდების მეორე ჯგუფი, რომელმაც კამპანია გააპროტესტა.

მათი თქმით, კამპანიის ჩაშლა სცადეს “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა, რომლებიც ადგილზე მივიდნენ და მათ დაუპირისპირდნენ.

“ვის შეიძლება არ აწყობდეს ის, რომ 3 ივლისს ჩვენ მივიდეთ აქციაზე? – ეს არის მხოლოდ ხელისუფლება, გუშინაც იყვნენ “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და სავარაუდოდ, დღესაც იმავე ჯგუფთან გვაქვს საქმე”, – აღნიშნა კამპანიის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მეორე მხარის განცხადებით კი, ისინი არ არიან აქტივისტები:

“აქტივისტი არ ვარ. მხარდამჭერი… მხარდამჭერს არ მაქვს პროტესტის უფლება? ჩემს პროტესტს გამოვთქვამ. შენ რომ მიდგახარ და 3 ივლისს აქციას მიტარებ, მე არ მაქვს გამოთქმის და პროტესტის უფლება? გამოვთქვამ, რომ ამ ფლაერებს არიგებთ”, – განაცხადა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა.

სიტყვიერი დაპირისპირება მოგვიანებით ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა:

“ადგილზე მოიყვანეს „ქართული ოცნების“ „ზონდერები“. აქვე არის ისნის გამგეობის წევრი, რომელიც „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია. მოვიდნენ, დაიწყეს გინება, ფიზიკური დაპირისპირება. სპორტსმენი ხალხი ჰყავთ მოყვანილი და მათ აცემინეს სტუდენტები. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სხვა არაფერი დარჩენია, გადავიდა სტუდენტების ცემაზე”, – განაცხადა „შინ ევროპისკენ“ წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, 3 ივლისს პარლამენტთან აქცია “შინ ევროპისკენ” გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები