LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადგილობრივ არჩევნებს უფრო გამჭვირვალე საარჩევნო გარემოთი და კომისიის ღირსეული თავმჯდომარით შევხვდებით: ზარქუა

43
ირაკლი ზარქუა

“ადგილობრივ არჩევნებს შევხვდებით უფრო ღია, გამჭვირვალე და ყველასათვის მისაღები საარჩევნო გარემოთი, კომისიების დაკომპლექტებით და კომისიის ღირსეული თავმჯდომარით.” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ცესკოს თავმჯდომარის შერჩევის პროცესზე საუბრის დროს განაცხადა.

საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია

როგორც ზარქუამ განაცხადა, მუშაობას აგრძელებენ, კანდიდატები პარლამენტში წარდგებიან, გაივლიან ყველა საჭირო პროცედუარს და შესაბამისად, ღირსეული შეირჩევა.

მისივე თქმით, თუ კანდიდატის არჩევა ერთხელ, ორჯერ და სამჯერ, 2/3 ით ვერ მოხერხდება, შემდეგ ჩაირთვება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს უმრავლესობა აირჩევს:

“წარმოდგენილ კანდიდატებს პირადად მე არ ვიცნობ, როდესაც გადმოეგზავნება პარლამენტს, ჩავერთვები განხილვებში. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ნუთუ ამ ხნის განმავლობაში ერთი ინიციატივა არ დაინიცირდა პარლამენტში, რომ ოპოზიციას მოსწონებოდა, არ არის ასეთი, რადგან მათ აქვთ კომპლექსი, საშიშროება, ვაითუ ამომრჩეველმა ვერ გაუგოს, ან ჰგონიათ, რომ თუ კარგ ინიციატივას მხარს დაუჭერენ, ამით მათ ხმები დაეკარგებათ. ეს მათი პრობლემაა, მათი არჩევანია, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, პარლამენტში იქნებიან ეს კანდიდატები წარმოდგენილი, გაივლიან ყველა პროცედურას და შეირჩევა ღირსეული. რაც შეეხება 2/3-ით არჩევას, როდესაც ერთხელ, ორჯერ და სამჯერ ვერ მოხერხდება 2/3 ით არჩევა, შემდეგ ჩაირთვება მექანიზმი, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა აირჩევს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. ასე რომ, აქ ყველაფერი რიგზეა.” – თქვა მან.

ზარქუა აქვე აღნიშნავს, რომ 2020 წლის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით იყო დაცული და ყველას ჰქონდა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა და რომ ადგილობრივი არჩევნები კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება:

“მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციას, არასამთარობო ორგანიზაციებს ჰქონდათ პრეტენზია თამარ ჟვანიას მიმართ, ხომ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი მართალი ყოფილა, ხომ აღმოჩნდა, რომ ფორმულებში ჰქონიათ პრობლემა არასამთავრობო ორგანიზაციებს? ბოდიშიც კი არ მოუხდიათ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთია, რასაც რადიკალური ოპოზიცია ამბობს და მეორე, რაც არის რეალობა. რეალობა არის ის, რომ 2020 წლის არჩევნები საერთაშორისო სტანდარტით იყო დაცული და ყველას ჰქონდა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ადგილობრივი არჩევნები კიდევ უფრო ღია და გამჭვირვალე იქნება.” – აღნიშნა ზარქუამ.

შეგახსენებთ, საკონკურსო კომისიამ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორი, ხოლო წევრობის ხუთი კანდიდატი შეარჩია. თავმჯდომარეობის კანდიდატებად შერჩეულნი არიან გიორგი კალანდარიშვილი და გიორგი სანტურიანი, წევრობის კანდიდატებად კი გია ცაცაშვილი, ანა მიქელაძე, ლელა ტალიური, მაია ზარიძე და თამარა სართანია.

შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება საქართველოს პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. თუ პრეზიდენტი კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმება, თითო ვაკანტურ პოსტზე ორ კანდიდატს ის პარლამენტს წარუდგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები