LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადგილი მომავლის გარეშე“ ანუ სხვა სამყარო გალის მიღმა – როგორ ირღვევა ოკუპირებულ აფხაზეთში ბავშვთა უფლებები [ვიდეო]

Untitled-18

აფხაზეთი, გალი, 2018 წელი – აქ, ამ ტერიტორიაზე, ე.წ. სახელმწიფოში ბავშვთა უფლებები წუთში მრავალჯერ ირღვევა. პრობლემები ე.წ. საზღვრის კვეთის დროს, ხელმიუწვდომლობა განათლებასა  და სამედიცინო მომსახურებაზე – ეს აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ყოველდღიურობაა. თუ ავად ხარ, მხოლოდ ორი გზა გაქვს – დაელოდო „პასპორტს“ 7 თვით ან მოკვდე. თუმცა, ერთი მეორეს არ გამორიცხავს…

გალში მცხოვრებთ ოკუპირებული ტერიტორიის დროებით დატოვებისას, ე.წ. სახელმწიფო აძლევს დოკუმენტს, რომელშიც იწერება ტერიტორიის დატოვების და დაბრუნების ბოლო ვადა. ეს დოკუმენტი ადგილობრივებისთვის „პასპორტია“. თუმცა მისი დამზადება დროში ხშირად იწელება. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მაშინაც კი, თუკი ვინმე ავადაა და აფხაზეთში შესაბამისი ამბულატორიული მომსახურება არ არსებობს, დოკუმენტის მომზადება კვლავ დროში იწელება. ამის გამო კი, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს ამ ტერიტორიის დატოვება არალეგალური გზებით უწევთ – მდინარე ენგურის გადაცურვით, რაც საზღვაო ტრანსპორტს არ გულისხმობს.

გალში მცხოვრებ მოსახლეობას ჯანდაცვის სერვისებზე მწირი წვდომა აქვთ, ამიტომ მაშინ, როცა იქ მცხოვრები ბავშვები ავად ხდებიან, მშობლებს შვილები ზუგდიდის ან სხვა რეგიონების საავადმყოფოებში მიჰყავთ. ამ დროს ე.წ. „პასპორტი“ მზადდება, როგორც ავადმყოფი ბავშვისთვის, ასევე, მისი მშობლებისა და იმ პირისთვისაც კი, ვინც ამ მგზავრობის დროს მძღოლია.

“გალისა და სოხუმის საავადმყოფოები არ არის ისეთივე კარგი და კეთილმოწყობილი, როგორიც საქართველოს სხვა რეგიონებშია. ექიმები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ქართველ პაციენტებს, ამიტომ ბევრი ადამიანი ირჩევს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადმოლახვას,” – ამბობს აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი, რომელიც ვინაობის გამხელას ერიდება.

 

No Futureland – ანუ ადგილი მომავლის გარეშე

 

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვების უფლებებით არასამთავრობო ორგანიზაცია Trust Hounds დაინტერესდა. “No Futureland” – ასე ჰქვია არასამთავრობოს ანგარიშს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კონკრეტულად კი უმეტესად ეთნიკურად ქართველი მოსახლეობით დასახლებული გალის რაიონში მცხოვრები ბავშვების უფლებათა დარღვევებზეა კონცენტრირებული.

გალში მცხოვრები ბავშვებისთვის ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ისინი ხშირად ხდებიან უკანონო დაკავების მსხვერპლი. მათთვის წვდომა ძირითად საჭიროებებსა და სერვისებზე შეზღუდულია.

“ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის განკუთვნილი სოციალური სერვისების სიმცირის გამო, რეგიონის განვითარების სირთულეები ყოველწლიურად უფრო აშკარა ხდება,” – წერია Trust Hounds-ის ანგარიშში.

კარინა შონიას ისტორია:

 

 

ორგანიზაციამ საგანგაშო უწოდა ყოველდღიურად მხოლოდ გალში ბავშვთა მიმართ უფლებების დარღვევის ფაქტების რაოდენობას. განსაკუთრებით საინტერესო მათთვის განათლების მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომობის საკითხი აღმოჩნდა.

ორგანიზაციის ანგარიშში წერია, რომ გალში მცხოვრებ ბავშვებს არ აქვთ შესაძლებლობა, მშობლიურ ენაზე ისწავლონ. 2015-2016 სასწავლო წლიდან ქართულ ენას ოკუპირებული აფხაზეთის სკოლებში კვირაში მხოლოდ ერთ საათს ასწავლიან. ყველა საგნის, მათ შორის ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფიის და გეომეტრიის სწავლაც კი, ბავშვებს რუსულად უწევთ. სწავლების ამ მოდელის შედეგი კი ისაა, რომ აფხაზეთში სწავლის დონე საკმაოდ დაბალია, ქართულენოვანი მოსწავლეების სრული უმრავლესობა საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ საგნებს ვერ ითვისებს მათთვის არამშობლიურ ენაზე და ამ კუთხით, კიდევ ერთი პრობლემაა ისიც, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს აბიტურიენტების 70% ვერ ლახავს დაწესებულ ბარიერს.

„იქ მცხოვრები ბავშვები ყოველ ორშაბათს იძულებით ასრულებენ აფხაზეთის ჰიმნს, ყველა საგანს რუსულ ენაზე სწავლობენ და მათ მშობლიურ, ქართულ ენაზე საუბარიც კი აკრძალული აქვთ – სკოლაში ერთმანეთთან კომუნიკაციაც კონტროლდება, იქ ან რუსულად უნდა საუბრობდე, ან საერთოდ უნდა შეწყვიტო ლაპარაკი,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ Truth Hounds-ის წარმომადგენელი, სვეტლანა ვალკო.

 

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების მდგომარეობა საგანგაშოა

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებები ყოველდღიურად ირღვევა და ისინი სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვეპრლნი არიან,“ – წერენ Truth Hounds-ის წარმომადგენლები, გალში რამდენიმეთვიანი ცხოვრების შემდეგ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან ე.წ. მესაზღვრეების მხრიდან დაკავებებს, ძალადობას, თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვას, დამცავი მექანიზმების ნაკლებობას, სერვისებზე შეზღუდულ წვდომას, ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას და ზეწოლას.

2015 წლის 4 მაისს გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრი, 12 წლის მოზარდი, ირაკლი ცაავა მძიმე დიაგნოზით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სამკურნალოდ გადმოსვლას ეცადა, როდესაც საოკუპაციო ძალებმა არ მისცეს მას საოკუპაციო ხაზის გადმოკვეთის საშუალება, რამაც ფატალური შედეგი გამოიწვია. ფაქტს ოფიცალური თბილისი განცხადებით გამოეხმაურა.

“საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არა ერთი მოწოდების მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებების, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების უფლების უხეშ დარღვევას, რასაც ხშირ შემთხვევაში რიგითი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება. შექმნილი ვითარება განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ადგილზე მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმების არარსებობის ფონზე. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას კვლავ არ ეძლევა მანდატის შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მონიტორინგის, ხოლო, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ადგილზე ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობა. საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, პატივი სცეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და არ მოახდინოს ჰუმანიტარული საკითხების პოლიტიზება,” – განაცხადეს მომხდარიდან რამდენიმე დღეში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ნიკა ბესელიას ისტორია:

 

 

გაურკვეველი სამართლებრივი სტატუსის გამო გალში, სოხუმში, ოჩამჩირესა და სხვა ოკუპირებულ ქალაქებში ადამიანის უფლებათა დამცავ საერთაშორისო ორგანიზაციებს იქ მცხოვრებ ხალხზე და განსაკუთრებით ბავშვებზე შეზღუდული წვდომა აქვთ. არ არსებობს მონაცემთა სრული ბაზა, კვლევები ან სტატისტიკა იმისთვის, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს აფხაზეთში მცხოვრები ბავშვების ზუსტი მდგომარეობა. მრავალი პრობლემისგან წინწამოწეულია შემდეგი საკითხები: რუსიფიკაციის პოლიტიკა, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და კომუნიკაციის აკრძალვა, განათლების დაბალი ხარისხი, ეთნიკური დისკრიმინაცია, ომის პროპაგანდა, არაადამიანური მოპყრობა, საჯარო საბუთების გაცემასთან დაკავშირებული პრობლემები, ჯანდაცვის სერვისებზე მწირი წვდომა და ა.შ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები