საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელიც ამჟამად თავს საზღვარგარეთ აფარებს, ამბობს, რომ გირგვლიანის მკვლელობის დროს შინაგან საქმეთა მინისტრი რომ ყოფილიყო, გადადგებოდა.
ამის შესახებ ადეიშვილი საუბრობს ექსკლუზიური ინტერვიუს ანონსში, რომელიც რუსთავი 2-ის დირექტორის, ნიკა გვარამიას პერსონალურ იუთუბ არხზე დღეს, 19 ივნისს გამოქვეყნდა.
“ვანო მერაბიშვილის ადგილზე შენ რომ ყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, გადადგებოდი გირგვლიანის ქეისის შემთხვევაში?” – ეკითხება ნიკა გვარამია ზურაბ ადეიშვილს, რაზეც ის პასუხობს:
“ალბათ, კი”.
როგორც ანონსში არის აღნიშნული, ინტერვიუ “მალე” გამოქვეყნდება.
ზურაბ ადეიშვილი ამჟამად ძებნაშია. 2017 წელს ზურაბ ადეიშვილი ვანო მერაბიშვილთან ერთად აკურას ღვინის ქარხნის ჩამორთმევის საქმეზე დამნაშავედ სცნეს და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.