LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანის უფლებათა ცენტრი: სააკაშვილის მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციული მიდგომა იკვეთება

61
მიხეილ სააკაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა იკვეთება.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, სააკაშვილისთვის გარკვეული ყოფითი პირობების გაუარესების, ანდა შესაბამისი პირობების დროულად არშექმნის ფაქტები შესაძლოა, მის პოლიტიკურ სტატუსს უკავშირდებოდეს.

„ევროპის საბჭოს „პოლიტიკური პატიმრის“ დეფინიციის ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ ამ საკითხს ეხება: პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, პირი იმყოფება სხვა დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლება აღკვეთილ პირებთან შედარებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.

მულტიფუნქციური ჯგუფი უკვე შედგა, ექიმების ჩართულობა დამოკიდებული იქნება თავად მიხეილ სააკაშვილის თანხმობაზე: რატო ბრეგაძე

ამასთან, წაყენებული ბრალდებების სიმრავლე და მისი პატიმრობაში ყოფნის მიმართ არსებული მონდომება, მათ შორის: სისხლის სამართლის საქმეებზე გაჭიანურებული სასამართლო პროცესები, რომლებიც წლებია მიმდინარეობს, ხელისუფლების წარმომადგენლების და პრემიერ-მინისტრის განცხადებები სააკაშვილის მიმართ სასჯელის დამატებაზე, გონივრულობის ფარგლებში შეფასებისას, მიუთითებს მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე და ამ მიზნით მართლმსაჯულების სისტემის ბოროტად გამოყენებაზე,“– ნათქვამია განცხადებაში.

ტიკარაძე: ჩვენ არ გვაქვს უფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვისაუბროთ

„ადამიანთა უფლებათა ცენტრი“ სააკაშვილის სასამართლო პროცესების მონიტორინგის შედეგად, რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემას გამოკვეთს, მათ შორის, ორგანიზაციის შეფასებით:

  • მიხეილ სააკაშვილი ვერ სარგებლობს სწრაფი მართლმსაჯულების უფლებით, საქმეები ჭიანურდება, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს;
  • სასამართლო სხდომების გაჭიანურება ზიანს აყენებს სასამართლო სისტემის რეპუტაციას, მართლმსაჯულების ეფექტიანობას, ზოგადად, მის მიმართ საზოგადოების ნდობას და არღვევს გონივრულ ვადაში გასამართლების უფლების მოთხოვნას;
  • სისხლის საქმეთა არსებითი განხილვის შეყოვნებები ხელს უწყობს სასამართლო პროცესის გაჭიანურებას და პოტენციურ ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს სწრაფი მართლმსაჯულების უფლებაზე;
  • ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან, სასამართლო გადაწყვეტილებამდე, სააკაშვილის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებებით ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ წარმოებული საქმეები, ეროვნულ კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციით განსაზღვრული პოლიტიკური პატიმრის დეფინიციის კრიტერიუმებით შეფასდეს.

ორგანიზაციის განცხადებით, საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დაწყებული გამოძიება, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის მიერ ხელისუფლების მხრიდან სააკაშვილის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აღიქმება.