გამოგიცდიათ თუ არა შეგრძნება, როდესაც თვლით რომ არ გშიათ, მაგრამ ერთ ნაჭერ ყველს სიამოვნებით დააგემოვნებდით? შემდეგ კი ვეღარ ჩერდებით და შეიძლება მთელი თეფში ყველიც შემოგეჭამოთ. ამას ენერგიის მოზღვავება და განწყობის ამაღლება მოსდევს.
გამოკითხვების უმრავლესობაში კითხვაზე, ,,რომელი საჭმლის გარეშე ვერ გაძლებდით” ყველი თითქმის ყოველთვის მოწინავე სამეულშია და როგორც სამეცნიერო კვლევებით დადგინდა, ამას თავისი მიზეზები აქვს.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველი ტვინში იმავე უბნებს ააქტიურებს, რომლებიც პასუხისმგებელია სიამოვნების განცდაზე და ამის გამო, ყველი ახდენს ისეთივე ეფექტს, რასაც ზოგიერთი ნარკოტიკული საშუალება. საერთო ჯამში ნარკოტიკების მსგავსად, ყველიც ადიქციას, ანუ მასზე დამოკიდებუკლებას იწვევს.
მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა შეისწავლა საკვების ის სახეობები, რომლებიც დამოკიდებულებას იწვევს. კვლევებმა დაადასტურა, რომ რაც უფრო მაღალკალორიულია საკვები, უფრო დიდი შანსია, ადამიანს მის მიმართ ადიქცია ჩამოუყალიბდეს. სწორედ ამიტომაც ხშირია ტკბილეულსა და ცომეულზე დამოკიდებულება, თუმცა ჯერ არ შეგვხვედრია ადამიანი, სტაფილოს ჭამის გარეშე რომ ვერ ძლებდეს.
იმ საკვებს შორის, რომელიც მიჩვევას იწვევს, პირცელი ადგილი პიცამ დაიკავა. საერთო ჯამში კი აღმოჩნდა,რომ იმ საჭმელების უმრავლესობაში, რომლებიც შეჩვევას იწვევენ, ყველი შედის.
ამაში “დამნაშავედ” მკვლევარები კასეინს მიიჩნევენ, პროტეინს, რომელიც უხვად შედის რძის პროდუქტების და მით უფრო, ყველის შემადგენლობაში.
სწორედ კასეინი აღაგზნებს ტვინის გარკვეულ რეცეპტორებს, რომლებიც პასუხს აგებენ სიამოვნების აღქმაზე და ,,მოითხოვენ”, რომ იგივე შეგრძნებები გამეორდეს.
მკვლევართა მოსაზრებით, ადამიანი ყველზე შეიძლება ზუსტად ისევე გახდეს დამოკიდებული, როგორც მაგალითად, კოკაინზე.