LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და ბევრი რამე შეიცვლება კარანტინის შემდეგ” – ლაშა ტალახაძე გადაცემაში ,,სპორტსმენები კარანტინში”

263
lasha-talahadze

დღეიდან რადიო ფორტუნა გთავაზობთ ახალ გადაცემას – ,,სპორტსმენები კარანტინში”პირველი გადაცემის სტუმარია საქართველოს წლის სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი, მსოფლიოს და ევროპის 4 გზის ჩემპიონი, მსოფლიოს რეკორდსმენი, ძალოსანი ლაშა ტალახაძე .

ლაშა, გვითხარით რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში კარანტინმა, როგორ შეიცვალა თქვენი ყოველდღიურობა და  როგორ ატარებთ კარანტინის პერიოდს.

ლაშა ტალახაძე: მოგესალმებით. პირველ რიგში, რასაკვირველია ვიტყვი, რომ ძალიან სამწუხაროა არსებული რეალობა. ფაქტიურად ყველა ჩვენგანს ცხოვრების ახალ წესზე გადასვლა მოუწია, თუმცა ვფიქრობ, ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და ბევრი რამე შეიცვლება კარანტინის შემდეგ, ბევრ რამეს ვისწავლით, თუნდაც უფრო უკეთ ჰიგიენის ნორმების დაცვას.

ჩემთვის პირველ რიგში ძალიან გულდასაწყვეტი რასაკვირველია, ოლიმპიადის გადადებაა. მთავარ სპორტულ შეჯიბრებას ოთხი წელი ველოდით და მისთვის ვემზადებოდით. თუმცა იმედია, რომ ტოკიო 2020 მომავალ წელს გაიმართება. წელს აპრილში უნდა გამართულიყო ევროპის ჩემპიონატი, თუმცა მისმა თარიღმაც გადაიწია. კარანტინის პერიოდში სახლის პირობებში ვვარჯიშობთ, თუმცა მე პირადად აღარც მახსოვს აქამდე ბოლოს როდის დავისვენე ამდენი.(იცინის) ზოგადად ქართველი ძალოსნები წელიწადში 11 თვე შეკრებაზე ვართ და სახლში ყოფნას მიუჩვეველი ვარ. თუმცა ერთი მხრივ ესეც კარგია, სახლის პირობებში ვარჯიში როგორია ეგეც გამოვცადეთ და ყველანაირად ვცდილობთ ოპტიმალური ფორმის შენარჩუნებას.

თუმცა ამ ყველაფერს ალბათ დადებითი მხარეებიც აქვს, თუნდაც ის, რომ ოჯახთან ერთად მეტი დროის გატარების შესაძლებლობა არის.

ლაშა ტალახაძე: დიახ, პირადად ჩემთვის ნამდვილად დადებითი ფაქტია, რომ ოჯახის წევრებთან უფრო დიდი დროის გატარება შემიძლია.

ლაშა, ძალიან საინტერესო საკითხთან დაკავშირებით მინდა დაგისვა კითხვა. როგორც ვიცით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ თხოვნით მიმართა საქართველოს მთავრობას და სპორტის სამინისტროს, დაუშვას გამონაკლისი საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდისათვის და დართოს მას შეკრების ჩატარების ნება, ბუნებრივია ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციების შესაბამისად. რა ვითარებაა ამ კუთხით, როდისთვის ელოდებით პასუხს და როგორი მოლოდინი გაქვთ, იქნება თუ არა გაცემული შესაბამისი ნებართვა

ლაშა ტალახაძე: პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ბევრმა ადამიანმა ეს სხვანაირად გაიგო, მათ იფიქრეს, რომ ჩვენ მოვითხოვთ რამეს. ეს არ არის ასე. ჩვენმა ფედერაციამ უბრალოდ თხოვნით მიმართა ჩვენს სახელმწიფოს, გამომდინარე იქიდან, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ უკვე დააანონსა მოსკოვში გასამართი ევროპის ჩემპიონატის თარიღი, დრო და რიცხვი. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს, ვიცით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები ვარჯიშობენ და რთულია, რომ ამ დროს ჩვენ სახლის პირობებში ვარჯიშით გავუწიოთ მათ კონკურენცია. გამომდინარე იქიდან, რომ სპორტის ყველა წარმომადგენელი ვარჯიშობს, კარგი იქნებოდა თუ ჩვენც გვექნებოდა შეკრების ჩატარების და ვარჯიშის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინებდით წესებს და მოთხოვნებს, გავითვალისწინებდით ჩვენი მედიკოსების მიერ მოცემულ რჩევებს. ვნახოთ, ამ ყველაფერს ალბათ მოყვება რეაგირება და გვეცოდინება პასუხი თუ როდის განახლდება შეკრება და დავიწყებთ ვარჯიშს უკვე შეკრებაზე. ერთი რამ მინდა კიდევ აღვნიშნო, პირადად ჩემთვის არ არის ნამდვილად ძალიან რთული, მე რაღაც გარკვეულ საფეხურზე ვდგავარ და ფორმაში ადვილად შევდივარ, თუმცა გვყვავს სპორტსმენები, რომლებსაც წონის კლება უწევთ და აქედან გამომდინარე ფორმაში შესვლა მათთვის ცოტა რთულია, ამას დრო სჭირდება, 3-4 თვე მაინც, სწორედ ამით იყო განპირობებული ჩვენი ფედერაციის თხოვნაც. თანაც მიმაჩნია, რომ ჩვენ შეკრებისას ყველაზე კარგად დავიცავთ საკარანტინო ზომებს გამომდინარე იქიდან, რომ ვიქნებით ერთ ადგილას და ჩვენი საქმე იქნება მხოლოდ ვარჯიში, რეჟიმის დაცვა და არაფერი სხვა დანარჩენი.

ეს თხოვნა ძალიან ლოგიკურად იყო დასაბუთებული, აღნიშნულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია ტურნირების გაუქმებას არ გეგმავს, გამომდინარე იქიდან რომ სპორტის ეს სახეობა უკონტაქტოა და შესაბამისად, მეტოქესთან უშუალო კონტაქტს არ მოითხოვს. თუ შეგიძლია გვითხრა, რა მნიშვნელოვანი ტურნირები ელით ქართველ ძალოსნებს შემოდგომაზე?

ლაშა ტალახაძე: პირველ რიგში, ეს არის ევროპის ჩემპიონატი, რომელიც უნდა ჩატარებულიყო აპრილის თვეში, შემოდგომაზე გაიმართება. იგი მოსკოვში ოქტომბრის ბოლოს, ნომებრის დასაწყისში ჩატარდება და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ტურნირი იქნება, რადგან როგორც მოგეხსენებათ 2021 წლის აგვისტოში ოლიმპიური თამაშები გაიმართება და ჩვენს სპორტსმენებს სჭირდებათ ლიცენზიების გამყარება. არ არის გამორიცხული, რომ ეს ევროპის ჩემპიონატი იყოს ამ ლიცენზიის მოპოვების ყველაზე კარგი შანსი ჩვენი სპორტსმენებისათვის. პირადად მე როგორც ვიცი 99% ლიცენზია მაქვს (იცინის). 99% ვამბობ იმიტომ, რომ მაინც რამე არ შეიცვალოს. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, რამოდენიმე ლიცენზიისათვის ვიბრძვით და ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი იქნება ამ კუთხით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები