LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადამიანებს აიძულებენ შემოხაზონ 41, ან მოუხსნიან შემწეობას და პენსიას – კახა კუკავა

63

ბლოკის, ”დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა – დემოკრატიული მოძრაობა, თავისუფალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კუკავას ინფორმაციით, საარჩევნო უბნებში არაერთი დარღვევა ფიქსირდება, მათ შორის ხმის მიცემის ფარულობა და ზეწოლა.

როგორც კუკავამ არასაპარლამენტო ოპოზიციის შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ყველა საარჩევნო უბანზე არიან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანები, რომელებიც ჯგუფ-ჯგუფად დადიან.

”უბნის გარეთ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე არის მობილიზებული, როგორც სააკაშვილის და შევარდნაძის დროს ვართ შეჩვეული, კოორდინატორი ქალები, რომლებსაც მოტანილი აქვთ თავიანთი რვეულები, სადაც ყველა სოციალურად დაუცველი არის ჩანიშნული. ამ გაჭირვებულ ადამიანებს აკონტროლებენ ზეწოლით, რომ მოუხსნიან პენსიას, რომელიმე მათგანი თუ არ გამოცხადდება. ეს ადამიანები მოჰყავთ შიშით და ზეწოლით და ეს შეგიძლიათ ნახოთ თითქმის ყველა უბანზე. ეს არის სამარცხვინო ვითარება. ეს არის არა სიცოცხლით სავსე ქალაქი, არამედ შიშით სავსე ქალაქი, როცა ადამიანს, რომელიც არის უფასო სასადილოს იმედზე, აიძულებენ, შემოხაზონ „41“, ან მოუხსნიან შემწეობას. ასევე ყველა საარჩევნო უბანზე შეგიძლიათ ნახოთ ე.წ. პლანით და ნარკოტიკებით დაბოლილი კრიმინალისტების წარმომადგენლები, ერთად რომ არიან ჯგუფ-ჯგუფად წარმოდგენილები და ისინი არიან მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები – ”ქართული ოცნების”. მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც არც ნარკოტიკებზე არ არიან დამოკიდებული და არც სოციალურ შემწეობაზე, ვინც არის თავისუფალი თავიანთ არჩევანში, თქვენ შეგიძლიათ შემოატრიალოთ ამ ბრძოლის ბედი”, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის ფარულობაც ირღვევა სწორედ ”ქართული ოცნების” კოორდინატორების მხრიდან.

”საარჩევნო უბნების შიგნით ირღვევა ხმის მიცემის ფარულობა, როცა ხმის მიცემის დროს კომისიის წევრების რეგისტრატორების უკან დგანან ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები, დამკვირვებლები, რომლებიც ინიშნავენ სპეციალურ რვეულებში გამოცხადებულ ამომრჩევლებს და ამზადებენ სპეციალურ ანგარიშს თავიანთი შტაბებისთვის. ისინი არღვევენ ხმის მიცემის ფარულობას და ქმნიან იმის იმიტაციას, თითქოს ”ქართულ ოცნებას” შეუძლია მოახდინოს იმის იდენტიფიცირება, თუ ვინ ვის მიცა ხმა”, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები