წინასაარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა მოსყიდვის შესაძლო ფაქტი დაფიქსირდა ქობულეთში. გუშინ, “ტვ პირველმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სავარაუდოდ, საარჩევნო ხმების სანაცვლოდ, ადგილობრივ მოსახლეობას ბოსტნეული დაურიგეს.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან რესურსის ხარჯვის ან მმართველი პარტიის მხრიდან გაღებული მოწყალების შესახებ სრული ინფორმაციის გასაჯაროვებას და დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
საკითხის გასარკვევად “ფორტუნა” აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. მინისტრი პროდუქტის დარიგების ფაქტს ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს პანდემიის პერიოდში არსებულ მდგომარეობას უკავშირდება, რომელიც მაისის თვეში დაიწყო და აგვისტოშიც გაგრძელდა.
ტიტე არეშიძის განცხადებით, მოსახლეობაში პროდუქტის დარიგება პოლიტიკური ნიშნით არ ხდება.
“მაისის ბოლოსთვის დავიწყეთ სასათბურე მეურნეობებში პროდუქციის მოყვანა. მნიშვნელოვანი იყო მოსახლეობის სურსათით მომარაგება. ილუზია იმაზე, რომ დასრულდებოდა პანდემია ერთ ან ორ დღეში არავის არ ჰქონდა. ამიტომ, იქ მოყვანილი პროდუქციის დარიგება და მოყვანა გრძელდება აგვისტოს თვის ჩათვლით.
ამ შემთხვევაში ვსაუბრობ კონკრეტულად, აჭარის სოფლის მეურნეობის პროგრამებზე. სამინისტრო რაოდენობრივად, ხარისხობრივად განსაზღვრავს პროდუქციის მოყვანის პირობებს.
რაც შეეხება მოსახლეობაში დარიგებას, ამას მუნიციპალიტეტის განსაზღვრავს. მოწყვლად ჯგუფებზე ინფორმაცია შემოდის ადგილობრივი რწმუნებულების ინსტიტუტიდან და თვითმმართველობა ახორციელებს დარიგებას. საუბარია დაახლოებით 9 პროდუქციის კულტურაზე.
თუ პოლიტიკური ნიშნით იყო დარიგებული ეს უკვე თვითმმართველობების პასუხისმგებლობაა? გამორიცხულია რომ პოლიტიკური ნიშნით ხდებოდეს. სიაში ხვდება ნებისმიერი ადამიანი, განურჩევლად თავისი პოლიტიკური შეხედულებისა და შესაბამისად, ეს პროექტი მოსახლეობაზეა გათვლილი, რომელსაც აუცილებლად ესაჭიროება დახმარება აღნიშნული პანდემიის პირობებში” – განაცხადა ტიტე არეშიძემ.
კიტრი-პომიდორის წარმომავლობა, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტმა მოსახლეობას დაურიგა “ფორტუნამ” გაარკვია. პროდუქტი მუნიციპალიტეტს უსასყიდლოდ, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა გადასცა. სერვისის ხელმძღვანელი, გოჩა ბერიძე განმარტავს, რომ სათბურები მას გასულ წელს გადაეცა და ერთი წელია პროდუქტს აწარმოებს.
რაც შეეხება გუშინ ქობულეთში დარიგებულ კიტრს, პომიდორსა და მწვანილს, ბერიძე აცხადებს, რომ მან აღნიშნულ მუნიციპალიტეტს პროდუქტი უფასოდ გადასცა.
“ერთი წლის წინ 2019 წელს გადმომეცა სათბურები. საკუთარი ძალებით მომყავს პროდუქტი. სახელმწიფოც მეხმარება. მაქვს რამდენიმე სათბური. ქობულეთის მუნიციპალიტეტს კიტრი და პომიდორი უსასყიდლოდ გადავეცი. დანარჩენი გაარკვიეთ მუნიციპალიტეტთან” – განაცხადა “ფორტუნასთან” აგროსერვისის დირექტომა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, ფაქტი ცალსახად შეიცავს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მოსყიდვის ელემენტებს და შსს-ს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
როგორც მესამე სექტორში განმარტავენ, მოსახლეობის დაინტერესება მატერიალური სარგებლით, არჩევნებამდე 3 თვით ადრე, სისხლის სამართლის დანაშაულია.