LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის მთავრობის ფორმირების ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება საჭირო აღარ იქნება

33

ახალი კონსტიტუციური კანონით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ფორმირების პროცესში ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმება აღარ იქნება საჭირო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბათუმში, საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას განაცხადა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ მოქმედი კანონის იურიდიულ და ტექნიკურ გაუმართაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი კონსტიტუციური კანონი არის სტრუქტურის კუთხით დახვეწილი და  5 მუხლისგან შედგება.

„კონსტიტუციის იმ  მუხლში, რომელიც   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უფლებამოსილებებს ეძღვნებოდა,  განსაკუთრებული იურიდიული ხარვეზები და პრობლემები იყო. ხდებოდა კომპეტენციების გადაფარვა ცენტრალურ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებებს შორის. ახალი კონსტიტუციური კანონით სრულად არის აღმოფხვრილი  გადაფარვის პრობლემა. ახალი ჩანაწერით ავტონომიურ რესპუბლიკას შეუძლია განახორციელოს ნებისმიერი უფლებამოსილება, რომელიც არ განეკუთვნება  სახელმწიფო ხელისუფლების, ან ადგილობრივი თვითმმართველობის განსაკუთრებულ კომპეტენციებს. ეს აჭარის ხელისუფლებას მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, სრულფასოვნად შეასრულოს თავისი ფუნქციები და ამოცანები ნებისმიერ სფეროში“ -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

კონსტიტუციის ახალი პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს ბათუმში გაიმართა. განხილვას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად პრეზიდენტიც ესწრებოდა.