LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ზღვიდან 2000 მეტრზე ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა

106
mtaa

ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელ, სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტულ მარშრუტზე ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო 15 კაცზე გათვლილი თავშესაფრის მოწყობას ზღვის დონიდან 2000 მეტრზე, ჯვარიმინდორის იაილებზე გეგმავს. შედეგად, აჭარაში ყველაზე გრძელი (88 კმ) საფეხმავლო მარშრუტის დალაშქვრის მსურველებს ღამისთევისა და დასვენების საშუალება ეკოსტანდარტებით მოწყობილ თავშესაფარში ზაფხულის ბოლოდან შეეძლებათ.

ელექტროენერგიითა და წყლით უზრუნველყოფილ ტურისტულ თავშესაფარში მოსასვენებელი და სამზარეულო სივრცე, სველი წერტილი იქნება გათვალისწინებული. კლიმატური პირობებისა და რელიეფის გათვალისწინებით დაპროექტებულ შენობაში ხის მაგიდები, ხის სკამები, კედელზე მიმაგრებული კარადები და ხის ორსართულიანი საწოლების განთავსება იგეგმება.

ახალ ტურისტულ ბილიკზე, სადაც ტურისტული თავშესაფარი მოეწყობა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ულამაზესი კინტრიშის ეროვნული პარკი, XII საუკუნეში აგებული ვარჯანაულისა და ცხემვანას თაღოვანი ხიდები, ხინოწმინდის მონასტერი, ტბიყელის ტბა, ჯვარიმინდორი და ხაბელაშვილების ხის თაღოვანი ხიდი მოინახულონ. ბილიკი გამორჩეული და მრავალფეროვანია. მისი 50% კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია, დანარჩენი კი ალპური ზონაა, სადაც მოგზაურებს ათასწლოვანი უთხოვარის ეგზემპლარი ხეები, ჩანჩქერები და ველური ტბები ხვდება.

ცნობისთვის, ქობულეთი-შუახევის დამაკავშირებელი, 2-3 დღიანი ტურისტული ბილიკის მარკირება ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ გასულ წელს განახორციელა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები