ევროპის, მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონატებში საპრიზო ადგილის ადგილზე გასული სპორტსმენები და მათი მწვრთნელები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან გაზრდილ საპრიზო თანხას მიიღებენ. ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ისაუბრა.
მისი თქმით, საპრიზო ფონდი რამდენიმეჯერ გაიზრდება და მილიონ ლარს გადააჭარბებს.
„მინდა აღვნიშნო, რომ სპორტის მიმართულებით გვაქვს არაერთი წარმატება. ვულოცავ ჩვენ სპორტსმენებს ლერი აბულაძეს, ლაშა გობაძეს და შოთა ფარტენაძეს მიღწეულ წარმატებებს ევროპის ჩემპიონატზე. სპორტსმენებისთვის მოტივაციის გაზრდის და წახალისების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავზარდოთ საპრიზო თანხა. გაორმაგდება და რიგ შემთხვევაში გასამმაგდება შესაბამისი საპრიზო ფონდი. თუ აქამდე იყო 400 ათას ლარზე მეტი, კორექტირების დროს შეადგენს მილიონ ლარზე მეტს და რა თქმა უნდა, წარმატებებიც პროპორციულად აისახება ჩვენი სპორტის სფეროზე“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და სპორტსმენებისთვის სავარჯიშო საერთაშორისო სტანდარტების სავარჯიშო სივრცეების მოწყობა.