აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 23%-ითაა გაზრდილი. 2018 წლის, ორი კვარტლის მონაცემებით, რეგიონში საერთაშორისო მოგზაურების 808, 437 ვიზიტი განხორციელდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
ვიზიტორების მატებაა რეგიონში არსებულ ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში. ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი, საბაგირო, მტირალას ეროვნული პარკი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზუემი აჭარაში იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, სადაც სტუმრების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
2018 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, ვიზიტორები 20%-ით გაიზარდა ბათუმის ბოტანიკურ ბაღში, რომელსაც 6 თქვეში 91 098 ადამიანი სტუმრობდა. აქედან, მხოლოდ ივნისში ბაღში სტუმრების რაოდენობამ 28%-ით მოიმატა, რაც 37 287 ვიზიტორს ითვალისწინებს. ბოტანიკური ბაღი აჭარის ერთ-ერთი პოპულარული სავიზიტო ბარათია, სადაც ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. 2017 წელს, ბოტანიკურმა ბაღმა 296 723 სტუმარს უმასპინძლა.
ვიზიტორების მატებაა ბათუმის დელფინარიუმშიც, სადაც იანვრიდან ივნისის ჩათვლით 22%-ით მეტ, 40 866 სტუმარს უმასპინძლეს. დელფინების შოუზე დასწრების მსურველთა რაოდენობამ ივნისში 27 438 შეადგინა, რაც 29%-ით აღემატება გასული წლის იმავე პერიოდს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, დელფინების შოუ ორშაბათის გარდა ყოველდღე, დღეში სამჯერ იმართება. გასულ წელს, დელფინარიუმმა 194 548 ვიზიტორს უმასპინძლა.
6 თვეში 72%-ით მეტი, 19, 761 ვიზიტორი სტუმრობდა გონიო აფსაროსის ციხესაც, რომელიც რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კულტურულ-ისტორიულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. მხოლოდ ივნისში კი ციხე-მუზეუმში არსებულ კულტურულ მემკვიდრეობას 46%-ით მეტი, 15 658 ვიზიტორი გაეცნო. რაც შეეხება 2017 წლის მონაცემებს ის 20%-ით აღემატება 2016 წელს და 79 834 ვიზიტორს შეადგენს.
გაზრდილია ბათუმის საბაგიროს სტუმართა რაოდენობაც. 16%-ით მეტმა, 100 023 ადამიანმა ისარგებლა საბაგიროს სერვისით 6 თვეში, მხოლოდ ივნისში კი ვიზიტორთა რაოდენობამ 41 996 (+13%) შეადგინა. რაც შეეხება გასულ წელს, საბაგიროს 319 518 ვიზიტორი სტუმრობდა.
ვიზიტორების სიმრავლე დაფიქსირდა მტირალას ეროვნულ პარკშიც, სადაც 6 თვის განმავლობაში 20 804 ვიზიტორს უმასპინძლეს. აღნიშნული ციფრი 48%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე. აქედან ყველაზე მეტი 9 217 (+47%) სტუმარი პარკს ივნისში სტუმრობდა. გასულ წელს, კი ეროვნული პარკში 47 460-მა ვიზიტორმა იმოგზაურო.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ზრდა ფიქსირდება ჩვენი სამიზნე ქვეყნებიდან. საერთო ჯამში, ექვს თვეში 23%-ითაა გაზრდილი უცხოეთიდან აჭარაში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, აქედან მხოლოდ აეროპორტში ვიზიტების 46%-იანი მატებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მთელი წლის განმავლობაში ანხორციელებს სხვადასხვა ხასიათის სარეკლამო აქტივობებს მსოფლიოს 16 ქვეყანაში, რომლებიც დღეის მდგომარეობით ჩვენი სამიზნე ბაზრებია. ვიზიტორების ზრდა საერთო ჯამში, ტურიზმის სფეროში ჩართულ ყველა ობიექტზე აისახება, რომელიც თავის მხრივ ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი კონტრიბუტორია. ორი კვარტლის ანალიზი გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ 2018 წელს ტურისტული სეზონი ძალიან მაღალი მაჩვენებლებით დასრულდება,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, სულხან ღლონტმა.