უკრაინის პოპულარული ტელევიზიის, ინტერნეტ პორტალებისა და მედიაგამოცემების წარმომადგენლები აჭარას სტუმრობენ. საინფორმაციო ტურის ფარგლებში უკრაინული მედიის წარმომადგენლები რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ჟურნალისტების ჯგუფს შეხვდა და მათთან ერთად ქართული კერძებისა და ჭაჭის მომზადების პროცესის გადაღებებს დაესწრო. მედიატურის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან ექსკლუზიური ინტერვიუები ჩაიწერეს, რომლებსაც აჭარაში მოგზაურობის შესახებ მომზადებულ სტატიებში, ბლოგებსა და ტელესიუჟეტებში განათავსებენ.
„აჭარის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ეცნობიან, რომლებიც ჩვენი რეგიონის შესახებ საინტერესო სტატიებს და სიუჟეტებს მოამზადებენ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზაფხულის სეზონის დაწყების წინ ჩვენი მეზობელი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ იმოგზაურონ და დაისვენონ აჭარაში, ამ ულამაზეს კუთხეში“- აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.
მედიატურის მონაწილეებმა ტური აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან დაიწყეს, სადაც მათ რეგიონში განვითარებული ტურისტული პროდუქტების შესახებ პრეზენტაცია მოისმინეს. გუშინვე მათ ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.
პოპულარული ტელევიზიის, ინტერნეტ პორტალებისა და მედიაგამოცემების წარმომადგენლები რეგიონს 3 დღით სტუმრობდნენ. მედიატური აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით მოეწყო.