აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „IMEX 2018“ წარადგინა. საქმიანი ტურიზმის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მასშტაბურ გამოფენაში დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნულ ადმინიტრაციასთან ერთად მონაწილეობდა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
გამოფენის ფარგლებში დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საქმიანი შეხვედრები გამართეს ტურისტული, სარეკლამო კომპანიებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რაც ურთიერთანამშრომლობასა და სამიზნე ქვეყნებში აჭარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
ფრანკფურტის გამოფენაში 5200-მდე საერთაშორისო სასტუმრო, ავიაკომპანია, ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაცია, ტურისტული სააგენტო და კონკრეტული ტურისტული მიმართულებების სარეკლამო კომპანია მონაწილეობს.
„ფრანკფურტის გამოფენაში წელს მეორედ მივიღეთ მონაწილეობა. ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა საქმიანი ურთიერთობების დასამყარებლად საკონვენციო ბიუროებთან, ტურიზმის სახელმწიფო ორგანოებთან და ორგანიზაციებთან. გერმანიაში აჭარის რეკლამას უკვე მეორე წელია ვანხორციელებთ და ბუნებრივია, მონაწილეობა მსგავს გამოფენებში, ახალი საქმიანი ურთიერთობები და სხვა სარეკლამო აქტივობები ხელს შეუწყობს ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის ცნობადობის გაზრდას გერმანიაში. ამ ეტაპზე, აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები ტრიალებს დოიჩე ველეს ეთერით, რასაც გერმანიიდან აჭარაში პრეს და ინფოტურებიც დაემატება. შედეგად მივიღებთ აჭარის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებს, გადაცემებსა და ტურისტული პაკეტებს, რაც რეგიონში გერმანელი ტურისტების რაოდენობის გაზრდას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა.