LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“აბეზარას დაბრუნება” – თბილისის ავტობუსებს მალე ქალი მძღოლები მართავენ

თბილისის ავტობუსების მძღოლობისთვის 25-მდე ქალი ემზადება. მომავალი მძღოლები ახლა D კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად სწავლების თეორიულ და პრაქტიკულ კურსებს გადიან. მართვის მოწმობის აღების შემდეგ, მონაწილეები თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ ვაკანსიებზე დასაქმდებიან.

მომავალი მძღოლები გარკვეული შეღავათებითაც ისარგებლებენ. კერძოდ, მათ, ვინც მძღოლობა გადაწყვიტა და თან დედაა, თბილისის სატრანპორტო კომპანია ერთსაათიან საშეღავათო დროს აძლევს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი ქალები ერთი საათით ნაკლები დროით იმუშავებენ. ქალ მძღოლებს დედის და ქალთა დღეებზე კომპანია ფულად პრემიებსაც გადასცემს.

მძღოლობის კანდიდატებს შორის ყველაზე ახალგაზრდა 25 წლის სოფო ტაბატაძეა. სოფოს მეუღლე თბილისის მეტროპოლიტენის მემანქანეა, სწორედ მან შესთავაზა სოფოს იდეა – გამხდარიყო ავტობუსის მძღოლი. მომავალ მძღოლებს ამ სფეროში 38-წლიანი სტაჟის მქონე მარგალიტა ნაროუშვილი რჩევებს აძლევს.

რა სიახლეები იგეგმება თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში, ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ.

თათია კაკიაშვილი