პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ჟურნალისტებთან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე – თუ რამდენად ეფექტიანია რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა მაშინ, როდესაც ადამიანებს ყოველდღიურად იტაცებენ, ერთ-ერთი ბოლო ასეთი შემთხვევა კი მამუკა ჩხიკვაძეს უკავშირდება – აბაშიძემ განაცხადა:
“დღეს იყო ამაზე დეტალურად საუბარი პარლამენტში, კომიტეტზე, თუ რას აკეთებს ქართული მხარე, რომ არ დავუშვათ შეგუება იმ ახალ რეალობასთან, რაც შეიქმნა 2008 წლის შემდეგ. პრაღის ფორმატი არ განიხილავს ასეთ საკითხებს, ჟენევის ფორმატში ხდება ხოლმე განხილვა, მოგვარება, მაგრამ თუკი საჭიროება შეიქმნება ხოლმე, რომ ეს არხიც გამოვიყენოთ, მე მზად ვარ, რომ დაველაპარაკო ჩემს კოლეგას, ვუთხრა, რომ ჩვენ არ ვახდენთ ჟენევის დუბლირებას, მაგრამ ადამიანები ვართ, ასეთი ჰუმანიტარული პრობლემა არსებობს და შენც ჩაერთე. თუ იქნება ამის საჭიროება, კი ბატონო, ჯერ არ ყოფილა საუბარი მამუკა ჩხიკვაძეზე, მე მექნება ამაზე საუბარი კოლეგებთან და თუ ამის აუცილებლობა იქნება, აუცილებლად ჩავერთვები, არაფერი ამას წინ არ დაუდგება.
ცოტა ხუმრობით გეტყვით, ახალი წელი მოდის – ხშირად მესმის ხოლმე, რომ უფრო მკაცრად უნდა დაელაპარაკო შენს კოლეგას, რანაირად მკაცრად უნდა დაველაპარაკო, რომ დაქოქონ ტანკები და წავიდნენ იქიდან, როგორ უნდა შევაშინო? ამას თუ მოვისმენ კარგი იქნება.
ველაპარაკებით ჩვენ აბსოლუტურად ადეკვატურად, პრინციპულად ვაყენებთ საკითხებს და განვიხილავთ, რაც ჩვენ გვაწუხებს და არანაირ ძალისხმევას არ ვაკლებთ შესაბამისი არხებისა და ბერკეტების ასამოქმედებლად, ჩვენ ამის ბევრი გამოცდილება გვაქვს, როცა დაკავებული თუ გატაცებული იყვნენ ჩვენი მოქალაქეები და შევძელით მათი გათავისუფლება მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, მე იმედი მაქვს, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება”, – განაცხადა აბაშიძემ.