LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გარდამტეხი მომენტი: ნატო მსჯელობს უკრაინას 100 მილიარდი მისცეს – აშშ და ჩინეთი ურთიერთობის დალაგებას ცდილობენ

930
20230624_IRD001

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი – ნატო იუბილარია – სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი75-ე დაბადების დღეს ზეიმობს, რომელსაც დღეს სერიოზული გამოწვევა აქვს უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე რუსეთის ომის გამოისობით. ამ თემაზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატოში 75 წლის იუბილე უკრაინის საკითხში ერთიანი პოზიციით აღნიშნეს. ამასთან, ბუკა პეტრიაშვილმა ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად დაასახელა იენს სტოლტენბერგის ინიციატივა უკრაინისთვის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის პროგრამის დაწყების შესახებ, საუბარია ხუთი წლის პერიოდით 100 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდის შექმნაზე. როგორც ბუკა პეტრიაშვილი აღნიშნავს, ალიანსში პირველი რეაქციები იმაზე მიუთითებს, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გარკვეული სამუშაო იქნება გასაწევი. მოსალოდნელია, რომ საკითხზე მსჯელობა, სხვა ფორმატებშიც გადაიცვლებს.

აქვე, პოლიტიკური მიმომხილველი შეეხო უკრაინის დახმარების კანონპროექტს, რომლის მიღებაც ვაშინგტონში გაჭიანურდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, ოღონდ გარკვეული „სიახლეებით“.

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 75-ე დაბადების დღეს ზეიმობს – 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც თავდაპირველად თორმეტმა ქვეყანამ მოაწერა ხელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების რაოდენობა 12 ქვეყნიდან უკვე 32 ქვეყნამდე გაიზარდა. ბოლო ქვეყანა, ვინც ამ ეტაპისთვის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდა არის შვედეთი.

ნატოს წევრი 32 სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრები ორი დღით შეიკრიბნენ, რომელსაც საზეიმო ცერემონია და ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ახლდა თან. ბუნებრივია, დღეს არსებულ ვითარებაში ყველაზე აქტუალური თემა არის უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანადგომა და მხარდაჭერა უკრაინისადმი. გასულ წელს, ვილნიუსის სამიტზე დაფუძნებული ნატო-უკრაინის საბჭოს ფარგლებში, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.

„რა თქმა უნდა, არ მინდა სადღესასწაულო განწყობა რაღაცნაირად გავაფუჭო, მაგრამ მნიშვნელოვანია საქმიანად ვისაუბროთ იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს უკრაინას და რომლის გადაწყვეტაც უმნიშვნელოვანესია უმოკლეს დროში“, – აღნიშნა კულებამ.

საინტერესო იყო უკრაინისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი მიმართვა, რომელშიც ანალენა ბერბოკი, გერმანიის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ მათ გაიგონეს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ხმამაღალი მოწოდება, თხოვა და ის საჭიროებები, რომელიც უახლოეს პერიოდში აქვს უკრაინას გადასაწყვეტი.

დმიტრო კულება საუბრობდა, რომ უკრაინას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემები. სწორედ ამაზე იყო პასუხი, რომ გერმანია, როგორც თანათავმჯდომარე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ერთგვარი კოალიციისა, შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს თუ როგორ ბობავს რუსეთი ყოველდღიურად უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს, იბომბება ხარკივი [სიდიდით მეორე ქალაქი უკრაინის], ასევე, საჭიროა ოდესის პორტის დაცვა..

უნდა ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში შესაძლოა გამოჩნდეს რამდენიმე ერთეული „პეტრიოტი“, რომელიც სწრაფად მიეწოდება უკრაინას.

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ძალიან სერიოზული თემის განხილვა დაძრა, საუბარია უკრაინისთვის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის პროგრამაზე, კერძოდ, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 100 მილიარდი ევროს გამოყოფაზე.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტი და გადაწყვეტილება, რადგან არა ცალკეული ქვეყნები, არამედ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი იღებს უკრაინისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდების გადაწყვეტილებას. იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ამ დრომდე ნატო, როგორც ალიანსი, უკრაინას მხოლოდ არალეტალურ იარაღს აწვდიდა, ახლა უკვე კონკრეტულ სამხედრო საშუალებებზეა საუბარი.

რა თქმა უნდა, ბევრი კითხვა და მსჯელობაა იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან უნდა მოიტანონ ალიანსის წევრმა ქვეყნებმა აღნიშნული თანხები, გულისხმობს თუ არა ეს უკვე გაცხადებულ მხარდაჭერას კონკრეტული ქვეყნებისგან თუ ამ 100 მილიარდს დაჭირდება დამატებით მობილიზება ალიანსის წევრი ქვეყნების მხრიდან. ეს მსჯელობის და განხილვის საგანია.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა, ჩეხეთსაც მსგავსი მკაფიო პოზიცია ჰქონდა. არავისთვის გასაკვირი და მოულოდნელი არ იყო უნგრეთის რეაქცია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი არასდროს დაუჭერენ მხარს იმას, რომ ნატო ჩაერთოს ამ ომში და უკრაინას მიაწოდოს შეიარაღება. ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის პირველი მოთელვითი მსჯელობები და განხილვები, რომელიც ცხადია, ტემპს აკრეფს ელჩების დონეზე, სხვა ფორმატების შეხვედრების დონეზე, რადგან გადაწყვეტილება სავარაუდოდ, უნდა იქნას მიღებული ვაშინგტონის საიუბილეო სამიტამდე, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში, ივლისის თვეში გაიმართება.

აქვე დავძენ, რომ უკრაინისთვის გრძელვადიანი სამხედრო მხარდაჭერის ინიციატივა მეტწილად იქიდან გამომდინარე გაჟღერდა, რომ აშშ-ში უკრაინის დახმარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ფერხდება, მართალია, აშშ-ის კონგრესის სპიკერმა განაცხადა, რომ სააღდგომო არდადეგებიდან დაბრუნების შემდეგ ეს საკითხი კვლავ დადგება დღის წესრიგში, სავარაუდო თარიღიც ნათქვამია – 22 აპრილი, თუმცა მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ მას აქვს ინოვაციური ახლებური მიდგომები, კერძოდ, გულისხმობს, უკრაინისთვის დახმარების მინიჭების შესაძლებლობას სესხის სახით.

შესაბამისად, უკრაინის დახმარების კანონპროექტის თემა აპრილში გააქტიურდება ძალიან სერიოზულად და იმედი ვიქონიოთ, რომ უკრაინა ამ დახმარებას ბოლოს და ბოლოს მიიღებს“

ბუკა პეტრიაშვილი გადაცემის მეორე ნაწილში შეეხო აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობას და ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებულ ურთულეს ვითარებას.

ვერ ვთანხმდებით, მაგრამ უნდა შევთანხმდეთ: აშშ-მა და ჩინეთმა ბევრ რამეზე ისაუბრეს

აშშ-ს პრეზიდენტის სატელეფონო საუბარი შედგა ჩინეთის ლიდერთან. ჯო ბაიდენი თითქმის 2 საათი ესაუბრებოდა ლი ციანს. აქაც განიხილეს უკრაინის საკითხი. მაგრამ საუბარი ასევე შეეხო ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში.

ასევე, ბუნებრივია განიხილეს ჩინეთისა და ფილიპინების დაძაბულობის საკითხიც.
აშშ-ს მჭიდრო სამოკავშირეო ურთიერთობა აქვს ფილიპინებთან და ის დაძაბულობა, რომელიც შექმნილია ჩინეთის მხრიდან ტერიტორიულ პრეტენზიებთან დაკავშირებით ფილიპინების მიმართ, რა თქმა უნდა, განხილვის საგანი იყო.

ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების გამოყენება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში იყო შეშფოთების საგანი, რომელიც გამოხატა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

ასევე ბუნებრივია საუბარი ეხებოდა ჩინეთში წარმოებული ფენტანილის (იგულისხმება ნარკოტიკი) აშშ-ში ეპიდემიურად შეტანას, თუმცა ამ მიმართულებით მხარეები თანამშრომლობაზე თანხმდებიან.

ვინც ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობას ადევნებს თვალ-ყურს, ყველა აღნიშნავს, რომ არის ტემპერატურის დაწევის და ურთიერთობის ნორმალიზებისკენ წაყვანის მცდელობა.

ორივე ქვეყანა აღიარებს, რომ არის უთანხმოება და განსხვავებული მიდგომები მთელ რიგ საკითხებზე, მაგრამ მნიშვნელოვანია დიალოგის შენარჩუნება და რომ ვითარება არ უნდა გავიდეს კონტროლიდან, მაშინ, როდესაც საქმე ეხება ეკონომიკურად მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ქვეყანას – აშშ-ს და სიდიდით ნომერ მეორე ქვეყანას – ჩინეთს.

ფოტო: economist
lrt
scmp

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები