LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პროკურატურამ სასწრაფო დახმარების სამსახურის ყოფილ სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა

147
Untitled design (2)

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის ყოფილ სამ მენეჯერს და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემისთვის ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ წარმომადგენელს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სამ მენეჯერს და ერთ-ერთი სამედიცინო კორპორაციის ორ წარმომადგენელს შორის კორუფციული გარიგება შედგა. გარიგების თანახმად, ბრალდებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში შესული მოთხოვნის საფუძველზე, პაციენტთა ელექტრონული მართვის პროგრამაში ხელოვნური ჩარევით, პაციენტების არა უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას, არამედ მათ აღნიშნული სამედიცინო კორპორაციის კლინიკებში გადაყვანას უზრუნველყოფდნენ.

აღნიშნული კორუფციული სქემით, 2020 – 2023 წლებში, ხსენებული სამედიცინო კორპორაციიდან საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერებს საბანკო ანგარიშზე 500 000 ლარზე მეტი ჩაერიცხათ, რაც ერთმანეთში გადაინაწილეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 29 მარტს დააკავეს. პროკურატურის ცნობით, მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარედგინათ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ქრთამის მიცემის ფაქტს, სამედიცინო კორპორაციის ყოფილ ორ თანამშრომელს, ბრალდება 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან – 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები