26 მარტს, „დინამო არენაზე“ გამართულ ისტორიულ მატჩზე გამარჯვების გოლის ავტორი ნიკა კვეკვესკირი გახდა.
ფეხბურთელის დედა რადიო „ათინათთან“ საუბრობს და იმ ემოციებს იხსენებს, რომელიც გამარჯვების პირველ წუთებში დაეუფლა:
„ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია. თამაშს ვესწრებოდი და ისეთი საოცარი გარემო და ისეთი გულშემატკივრობა იყო. ბიჭებმაც ბოლომდე, 120 წუთი იბრძოლეს და შრომა დაუფასდათ.
არ შემიძლია არ ვთქვა გიორგი მამარდაშვილის შესახებ, რომელმაც პირველი პენალტი აიღო და ამით დამატებითი სტიმული მისცა ბიჭებს.
ნიკას გოლი იყო გადამწყვეტი და საოცარი შეგრძნება ჩემთვის, როგორც დედისთვის. ყველა გულშემატკივრისთვის დაუვიწყარი, აუხსნელი წამები იყო, მაგრამ დედისთვის, წარმოგიდენიათ, ალბათ, რა ხდებოდა ჩემს გულში. ჩემი მეუღლე მთელი თამაში მდუმარედ იყო და ბოლოს ცრემლები წამოუვიდა. მატჩის შემდეგ ნიკა ვნახეთ და უსიტყვოდ გადავკოცნეთ ერთმანეთი, ასე მივულოცეთ ერთმანეთს გამარჯვება“, – უთხრა ნანა გერგაიამ რადიო „ათინათს“.