LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისრაელს ცეცხლის შეწყვეტას სთხოვენ: რა პოზციაზეა ისრაელი

543
be5f933b7d60c1cdad35e5fdde31e91b

საერთაშორისო თანამეგობრობა სულ უფრო მეტად არის გააქტიურებული, რომ ისრაელ-ჰამასის საომარ დაპირისპირებაში ცეცხლი შეწყდეს. ჩართულია შეერთებული შტატებიც და ევროპის კავშირიც. თუმცა ვითარება და, განსაკუთრებით ჰუმანიტარული, კვლავაც ურთულესია. სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ გადაცემის წამყვანმა, პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა.

„ისრაელ-ჰამასის სამხედრო დაპირისპირება ჯერ კიდევ მწვავედ მიმდინარეობს, ვერ ხერხდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. პარალელურად საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან იზრდება ისრაელის ხელისუფლებაზე ზეწოლა, რათა შეწყვიტოს სახმელეთო ოპერაცია და არ შეუტიოს სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფახს, სადაც ამჟამად 1.2 მილიონი პალესტინელია. ზოგადად, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა ძალიან მძიმეა. საერთო ჯამში, ამ ტერიტორიაზე 2 მლნ პალესტინელი იმყოფება და რთულად ხდება მათთვის ჰუმანიტარული დახმარების, მედიკამენტების, აუცილებელი ნივთების მიწოდება, ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპული პოზიციაა შეწყდეს ცეცხლი და მიაღწიონ შეთანხმებას.

ისრაელის ხელისუფლება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და მძევლების განთავისუფლების წინააღმდეგი არ არის, უფრო პირიქითაც კი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ არ განხორციელდა რაფახში სრულმასშტაბიანი სახმელეთო სამხედრო ოპერაცია, ვერ მოხდება ჰამასის ბატალიონების სრულად განადგურება.

ამავდროულად, რეგიონში მოლაპარაკებების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. 7 ოქტომბრის შემდეგ უკვე მეექვსე ვიზიტით ჩასულია აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მან უკვე გამართა შეხვედრები საუდის არაბეთში, საუდელ კოლეგასთან და ასევე დე ფაქტო მმართველ მუჰამედ ბინ სალმანთან, შეხვდა ეგვიპტის პრეზიდენტს ალ-სისის. ბუნებრივია, მისი მცდელობაა მხარეები მივიდნენ შეთანხმებამდე. აქტიურად არის ჩართული კატარის ხელისუფლებაც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო კვირას ვაშინგტონს ეწვევა ისრაელის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში იქნებიან უშიშროების საბჭოს მდივანი, ასევე სტრატეგიული საკითხების მინისტრი და ბოლო ინფორმაციით, იქნება თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი. ის შეხვდება ამერიკელ კოლეგა ლოიდ ოსტინს, ექნება სხვა შეხვედრებიც. ბუნებრივია, ძირითადი თემა იქნება ქალაქ რაფახზე ოპერაციის მასშტაბები, რათა თავიდან აიცილონ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი.

შედგა სატელეფონო საუბარი ჯო ბაიდენსა და ბინიამინ ნეთანიაჰუს შორის. აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციაა ცეცხლი შეწყდეს და გაიზარდოს ჰუმანიტარული ტვირთების ნაკადები ღაზის სექტორში. გარდა ადამიანური ფაქტორისა, მოქმედებს პოლიტიკური ელემენტებიც. აშშ-ში მაქსიმალურ ტემპებს იკრებს საპრეზიდენტო არჩევნები და ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება და ვითარება შუა აღმოსავლეთში, არის ერთ-ერთი მწვავე და აქტუალური თემა, რომელიც ზემოქმედებას ახდენს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მიმდინარეობაზე. ამაში დარწმუნდა თავად ჯო ბაიდენი პრაიმერის პერიოდში და მისი გუნდიც, ისევე როგორც დონალდ ტრამპი. ორივემ კარგად იცის, რომ მხარდამჭერი ხმების რაოდენობაზე დიდ გავლენას მოახდენს რა პოზიციონირება ექნებათ ისრაელ-ჰამასის დაპირისპირებასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ორივეს სჭირდება მუსლიმი წარმოშობის ამომრჩეველთა ხმები და, რა თქმა უნდა, ასევე დიდ როლს ითამაშებს ებრაული წარმომავლობის ამერიკელების ხმები. ისინი ტრადიციულად დემოკრატებს უჭერენ მხარს, მაგრამ არის განსხვავებაც: ახალგაზრდა მემარცხენე მხარდამჭერებისთვის მნიშვნელოვანია ჯო ბაიდენის პოზიცია არ იყოს ხისტი ისრაელის მხარდაჭერისას.
აქ ცხადია წინა პლანზე შემოდის და მუდმივად არის დღის წესრიგში პალესტინის, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბების საკითხი, თუმცა ამ მიმართულებით სერიოზული ბუნდოვანება და სირთულეებია.

უნდა ითქვას, რომ ეს ყველაზე ბუნდოვანი საკითხია და დღის წესრიგში არ დგას, რადგან ვერ იკვეთება პალესტინის მხრიდან ვინ შეიძლება იყოს მომლაპარაკებელი, რომელიც ისრაელისთვის მისაღები იქნება. ისრაელი ჰამასთან მილაპარაკების კატეგორიული წინააღმდეგია. მეტიც, მის გაცხადებულ მიზანს წარმოადგენს ღაზის ტერიტორიაზე ჰამასის შეწყვეტა და მისი შესაძლებლობების ლიმიტირება.
თავის მხრივ ჰამასსაც გაცხადებული აქვს ისრაელის, როგორც სახელმწიფოს, განადგურება. აქ დიდი როლი ენიჭება რეგიონის სხვა ქვეყნებს. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროპის კავშირიც სერიოზულ როლს თამაშობს. მისი განცხადებებიც ძალიან პრინციპულია ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. ევროპის მოთხოვნაა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა და გაიზარდოს ჰუმანიტარული დახმარება.

ფოტო: theaustralian
CNN

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები