LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამემართა შიშები, მეშინოდა უაზროდ ვიღაცის.. რომ არა ფსიქოზამდე მისვლა, ალბათ, ვერ გადავაგდებდი. მივხვდი, რომ ეს მდგომარეობა დამღუპველი, მომაკვდინებელი იყო.. შეუძლებელი არაფერია, ადამიანი ნებისმიერ „ლომკას“ გაუმკლავდება, არ მოკვდება“ – რას იწვევს „ალფა პვპ“-ს მოხმარება: ექიმი ნარკოლოგის ინტერვიუ

317
ზურა სიხარულიძე

ექიმი ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში მორიგ ცნობიერების ასამაღლებელ ვიდეო-ინტერვიუს უზიარებს, რომელიც მან სინთეზური ნივთიერების, [ასევე მოიხსენიებენ, როგორც „აბაზანის მარილს“] „ალფა პვპ“-ს (alpha-PVP) მომხმარებელთან ჩაწერა.

ინტერვიუს მსვლელობისას ექიმი მას კითხვებს უსვამს, იმ გამოცდილების შესახებ, რაც მომხმარებელმა „ალფა პვპ“-ზე დამოკიდებულებისას გაიარა და საბოლოო ჯამში, რა ზიანი მოუტანა მის ჯანმრთელობას.

გარდა ამისა, ნარკოლოგი პაციენტს ეკითხება, რამ უბიძგა ამ ნივთიერების მოხმარებისკენ, რამდენ ხანს მოიხმარდა და როგორ ხდის აღნიშნული სუბსტანცია ადამიანს დამოკიდებულს.

როგორც ინტერვიუს დროს, მომხმარებელი საკუთარი გამოცდილების გაზიარებისას ამბობს, „ალფა-პვპ“-ს 1 წელი „მეტადონთან“ [სინთეზური ოპიოიდების ჯგუფის პრეპარატი] ერთად მოიხმარდა, ვინაიდან ე.წ პრიხოდი ათჯერ უფრო ძლიერი ჰქონდა, „გგონია, რომ „ხოდზე“ ხარ, სინამდვილეში კი „ხოდზე“ კი არა, საერთოდ არაადეკვატური ხარ“.

ვიდეო: „მომისმინე, შენ გეუბნები.. დაანებე თავი ამფეტამინის და ალფა-პვპ-ს ძებნას, ძალიან ცუდად დაამთავრებ. გაამწარებ შენს თავს, ოჯახს.. შეიძლება ფსიქიატრიულში აღმოჩნდე, ან ზედოზირება მოგივიდეს“ – ზურა სიხარულიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს

„დამემართა შიშები, მეშინოდა უაზროდ ვიღაცის.. მეგონა, რომ ვიღაც მე მიყურებდა. ლტლოვა ამ ნარკოტიკისადმი დიდია, სულ გინდა, რომ იკეთო, მერე რამდენიმე დღე-ღამე არ გძინავს. მაგალითად, არ მიძინია 7 დღე-ღამე… დილით ისევ გათენებას ველოდებოდი, რომ წავსულიყავი და ისევ გამეკეთებინა..“ – ამბობს ინტერვიუს დროს „ალფა პვპ“-ს ყოფილი მომხმარებელი.

ექიმის კითხვაზე, შეუძლია თუ არა ადამიანს, ამ ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფმა, საკუთარი თავი გააკონტროლოს, მაშინ როდესაც არ სძინავს და არ იკვებება, მან უპასუხა:

„შეუძლებელია „ალფა-პვპ“-ს ზემოქმედების ქვეშ შენი თავი და ქმედებები გააკონტროლო, რადგან სულ სხვა ადამიანი ხდები. ხარ აგრესიული, ნებისმიერ რამეზე წამსვლელი. ოჯახის წევრებს ზიანს აყენებ..

ასევე ნახეთ

რა არის ფენტალინი; რამდენად საშიშია მისი მოხმარება და რა შეიცვალა ან არ შეიცვალა ნარკოპოლიტიკის მიმართულებით – აღნიშნულ თემებზე  „ფორტუნასთან“ სამედიცინო სფეროსა და დარგში მომუშავე სპეციალისტებმა ისაუბრეს.

1 წლის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემს თავს ზიანს ვაყენებდი, რადგან შიშები დამეწყო.. მივხვდი, რომ ეს „ალფა-პვპ“-ს მოხმარებისგან იყო გამოწვეული და შევწყვიტე მოხმარება, გადავედი მხოლოდ „მეტადონზე“, რომ ეს უძილობა შემემცირებინა.“ – ჰყვება იგი.

„მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხმარებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს! არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება! ჩაატარეთ კვლევა, რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!“ – ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

მომხმარებელი ამბობს, რომ ამ ნივთიერებისგან თავის დაღწევა, შემდგომ მისი ორგანიზმიდან გამოსვლა ძალიან მძიმე პროცესია, რადგან მის შემთხვევაში იგი მწვავე ფსიქოზამდეც კი მივიდა, რის გამოც თვე-ნახევარი კლინიკაში მკურნალობა მოუწია.

ინტერვიუს მიწურულს ამ ნივთიერების ყოფილი მომხმარებელი ამბობს, რომ მკურნალობის გავლის შემდეგ, შედეგი დადგა და მისი ორგანიზმი გასუფთავდა, თუმცა, დამატებითი 20-დღიანი მკურნალობის გავლაც მოუწია, რისი შესაძლებლობაც ყველას არ გააჩნია:

„რომ არა ფსიქოზამდე მისვლა, ალბათ, ვერ გადავაგდებდი. გადასაგდებად წასული ვიყავი სოფლად, წავიღე პრეპარატები, მაგრამ ვერ გავძელი.. იქიდან კლინიკაში წამომიყვანეს.“ – პასუხობს ექიმს მომხმარებელი და იქვე ამბობს, რომ უკვე 35 დღეა „სუფთაა“ და მკურნალობამ შედეგი გამოიღო.

„ერთ მოხმარებას მოყვება მეორე, მეორეს – მესამე.. ვითარდება მძიმე დამოკიდებულება.. ისე გარდაიცვლები ვერც ვერავინ გაიგებს. ღირს ეს ყველაფერი წუთიერ სიამოვნებად?“ – ზურა სიხარულიძე

„1 წელიწადში მივხვდი, რომ ეს მდგომარეობა ჩემთვის დამღუპველი და მომაკვდინებელი იყო, რადგან 7 დღე უჭმელი, უძინარი ვიყავი… ოჯახის წევრები დაიზაფრნენ, დავკარგე ყველა და ყველაფერი. ადამიანებს მინდა ვურჩიო, რომ თუ უნდათ, აუცილებლად უნდა გადაწყვიტონ..

შეუძლებელი არაფერია, ადამიანი ნებისმიერ „ლომკას“ გაუმკლავდება, არ მოკვდება, მიმართონ კვალიფიციურ ექიმებს, სტაციონარს და ასევე, ვფიქრობ, რომ სახელმწიფოც უნდა გვაფინანსებდეს, რადგან ყველას არ აქვს საშუალება, ეს თანხა გადაიხადოს და ამის გამო თავს ვერ ანებებს“.

მოუსმინეთ…

Posted by Zura Sikharulidze on Friday 22 March 2024

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები