LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია“ – რა საკითხები განიხილეს იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი კობახიძემ

113
იენს სტოლტენბერგი, ირაკლი კობახიძე

„საქართველო არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი – ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ აუდიენციისას ნატო – საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული თემატიკა განიხილეს.

ასევე, ყურადღება დაეთმო შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს და შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობის მნიშვნელობას საერთო- ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

იენს სტოლტენბერგი: „შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე NATO-სთვის აქტუალური საკითხია“

პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენერალურ მდივანს ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისა და პირადი ძალისხმევისთვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი 10-წლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ასევე, ჩვენი ინტეგრაციის პროცესი.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატო-ს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ასევე, ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველო არის ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორი, რასაც მინდა ხაზი გავუსვა.

წლების განმავლობაში, ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში.

დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებებს განიცდის. მთლიანი თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა, არის საფრთხის ქვეშ. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ. კიდევ ერთხელ მოგახსენებთ მადლობას საქართველოში ჩამობრძანებისთვის, რაც არის საქართველოს მიმართ თქვენი მხარდაჭერის კიდევ ერთი, ძალიან ძლიერი გამოხატულება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები