LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

185 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება

273
ფული

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 8.25%-მდე შემცირებას მიმოხილვით ეხმაურება.

ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 183 511 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილების საფუძველზე მსესხებლებს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდებათ.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე, ჯამში, 12.3 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. აქედან შინამეურნეობებზე 7 მილიარდი ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.3 მილიარდი ლარის (43%) სესხები გაიცა.

რაც შეეხება ბიზნეს სესხებს, მათი ჯამური ოდენობა 6.3 მლრდ ლარს შეადგენს.

იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ ლარი, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ ლარია.

2024 წლის 1 თებერვლის მონაცემებით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების (იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 16.5% შეადგინა, რაც, დაახლოებით, 0.6%-ით ნაკლებია 2023 წლის დასაწყისში არსებულ მაჩვენებელზე (17.1%).