LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პროექტებს ახორციელებს მთაწმინდის რაიონის გამგეობა – სახალხო პლატფორმა

568
დავით-კირკიტაძე

რა პროექტებს ახორციელებს მთაწმინდის რაიონის გამგეობა – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ ისაუბრა.

ბოლო წლების განმავლობაში, როგორც ერთ-ერთი ძველი უბნისთვის, რა გაკეთდა მთაწმინდის რაიონის ისტორიული სახის შენარჩუნებისთვის და ამავდროულად თანამედროვე განვითარებისთვის?

მთაწმინდის რაიონი მართლაც ერთ-ერთი გამორჩეულია და ნათლად გამოხატავს ძველი თბილისის იერსახეს. მნიშვნელოვანია განხორციელებული თუ დაგეგმილი პროექტები ავთენტური იყოს მასთან და რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ამ ხაზს მივყვეთ. ისტორიული სახის შენარჩუნების მიზნით განხორციელებული პროექტების ჩამონათვალი საკმაოდ დიდია, თუმცა, როცა ძველი უბნების ახალ სიცოცხლეზე ვსაუბროთ, არ შეიძლება არ ვახსენოთ ორბელიანის მოედანი, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. პროექტის ფარგლებში, ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე 22 შენობის რეაბილიტაცია ჩატარდა. მათ შორის 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სახლებთან ერთად რესტავრაცია უნიკალურ სადარბაზოებსაც ჩაუტარდათ. სხვათაშორის, რამდენიმე წლის წინ თაბუკაშვილის ქ. N42-ში სადარბაზოს რეაბილიტაცია დავიწყეთ, სადაც ადრეული მხატვრობის ფერწერული ფენები გამოვლინდა და ცხადია, სრულად აღვადგინეთ. ასეთი ძვირფასი მემკვიდრეობა გვაქვს ჩვენ და მაქსიმალურად ვცდილობთ აღცადგინოთ, ახალი სიცოხლე და დანიშნულება შევძინოთ.

სახლების რეაბილიტაცია ახსენეთ, თუ შეგიძლიათ უფრო დეტალურად მოგვიყვეთ ზუსტად რა სახის დახმარებას უწევთ მოქალაქეებს და დაახლოებით რამდენი სახლის რეაბილიტაციას ახდენთ ერთი წლის განმავლობაში?

სახლების კაპიტალური გამაგრება „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოებს გამგეობა აფინანსებს 100%-ით, თუმცა ბინეთმესაკუთრეთა ამხანაგობამ საკუთარ ანგარიშზე უნდა დადოს პროექტის ღირებულების 10%. აღნიშნულ თანხას ამხანაგობა შემდეგ საკუთარი შეხედულებისამებრ გამოიყენებს ნებისმიერი ტიპის სამუშაოებისთვის (ინფრასტრუქტურის მოწესრიგაბა, გამწვანება და ა.შ). განცხადება და საჭირო საბუთები ამხანაგობის თავმჯდომარემ უნდა შემოიტანოს გამგეობაში. პროგრამის ფარგლებში, სახლების კაპიტალურ გამაგრებას ვახორციელებთ, მაგრდება საძირკველი და მზიდი კედლები, ჩარჩოვდება ფანჯრებისა და კარების ღიობები და ა.შ. უშუალოდ მთაწმინდის გამგეობა წლის განმავლობაში 4-5 სახლს ამაგრებს კაპიტალურად.

თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამ მიმართულებით განახორციელეთ?

როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 4-5 სახლს ვუტარებთ რეაბილიტაციას. მათ შორის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი შენებები. მაგალითად, ასეთი იყო დ. ჭონქაძის ქ. N8-ში არსებული საცხოვრებელი სახლი, რომელსაც რეაბილიტაცია ორ ეტაპად ჩავუტარეთ. სახლის გამაგრებასთან ერთად, რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა. აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებს და შუშაბანდს. ჩვენთვის, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომელმაც 9 ოჯახს გაუუმჯობესა საცხოვრებელი პირობები.

რა ნაბიჯებს დგამთ კიდევ უფრო ბევრი ტურისტის მოსაზიდად?

მთაწმინდის რაიონი ნამდვილად ჩვენი ქალაქის ისტორიული ნაწილია, შესაბამისად, სწორედ აქ იყრის ბევრი ტურისტი თავს. ამ მიმართულებით მუშაობა არის კომპლექსური სხვადასხვა სამსახურის მიერ. უდიდესი წვლილი შეაქვს უშუალოდ თბილისის მერიას, რომელიც სხვადასხვა ტერიტორიებს რეაბილიტაციის შემდეგ ერთ-ერთ ტურისტულად მიმზიდველ ატრაქციად აქცევს. ამის  ნათელი მაგალითი არის ორბელიანის მოედანი. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, ვცდილობთ ყველა ცენტრალური თავშეყრის ადგილი მოვაწესრიგოთ ისე რომ თანამედროვე სტანდარტებს პასუხობდეს და მეტი ვუთხრათ ჩვენი ისტორიის შესახებ.  მაგალითად, ასეთია სულხან-საბას სახელობის სკვერი, სადაც QR კოდები არის განთავსებული და ტურისტებს გარკვეული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. ასევე, კოჯორში, აზეულას ციხე, რომელსაც ჩვენ რეაბილიტაცია ჩავუტარეთ, მოვაწყვეთ ბილიკები და მხატვრული განათება. შემდეგ ვითანამშრომლეთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და დღეს, ეს ადგილი თბილისი ტურისტულ ბილიკზე არის დატანილი.

როგორც ვიცით, მთაწმინდის რაიონი ისტორიულ ნაწილთან ერთად მოიცავს თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებს, რომლის განაშენიანება ეტაპობრივად მიმდინარეობს და რომ გვითხრათ რა წვლილი აქვს გამგეობას განაშენიანების პროცესში?

დიახ, მთაწმინდის რაიონი მოიცავს ოქროყანას, წავკისს, შინდისს, ტაბახმელას, კოჯორს და კიკეთსაც. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ტერიტორიებს მთაწმინდის ცენტრალური ნაწილისგან განსხვავებული სპეციფიკა და საჭიროებები აქვს. პირველ რიგში, პრიორიტეტული სწორედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რადგან განსაკუთრებით უხვი ნალექის დროს,  ჭირს თავისუფალი გადაადგილება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ გზის დაგება არ არის საკმარისი, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს სხვადასხვა კერძო პროვაიდერი კომპანია. მაგალითად, ძალიან მნიშვნელოვანია შიდა კომუნიკაციების მოწესრიგება. თუ ეს პროცესი არ არის დასრულებული, გზის დაგება გამართლებულად არ მიგვაჩნია, რადგან ცოტა ხანში კვლავ იმავე შედეგს მივიღებთ. ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათთან. ასევე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ საგზაო ინფრასტრუქტურის 80%-ს სწორედ შემოერთებულ ტერიტორიებზე ვახორციელებთ. წელიწადში დაახლოებით 7-8 ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვახდენთ. ცხადია, ეს შეუვალი პროცესია და მომავალშიც გაგრძელდება.