LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ტალინში, ევროპის პენიტენციური უწყებების სასწავლო ცენტრების მენეჯერებისთვის ტრენინგს ჩაატარებს – სახალხო პლატფორმა

197
ვახტანგ-ასანიძე

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი, ტალინში, ევროპის პენიტენციური უწყებების სასწავლო ცენტრების მენეჯერებისთვის ტრენინგს ჩაატარებს – ამ თემაზე გადაცემაში „სახალხო პლატფორმა“ იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ვახტანგ ასანიძემ ისაუბრა.

როგორ შეირჩა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი?

იუსტიციის სასწავლო ცენტრი ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის (EPTA) თავმჯდომარე 2024 წელს, ერთი წლის ვადით გახდა . ბუნებრივია, ეს მიღწევა ჩვენი უწყების მუშაობის მაღალმა სტანდარტმა და შესაბამისმა შედეგებმა განაპირობა.  სწორედ ზემოაღნიშნული სტატუსის გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი უფლებამოსილია, რომ არსებული ცოდნა და გამოცდილება ევროპელ კოლეგებს გაუზიაროს. ტრენინგი მარტშია დაგეგმილი და მას ევროპის 36 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან.

რა იქნება ტრენინგის თემა?

სასწავლო კურსის სახელწოდებაა „კრიზისების მართვა“ და ის პენიტენციური სისტემის სასწავლო ცენტრების ევროპული გაერთიანების (EPTA) კოორდინაციით, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერების აკადემიისა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლობით დაიგეგმა. ტრენინგის მთავარი მიზანია პენიტენციური სისტემის სასწავლო დაწესებულებებში კრიზისის მართვასთან დაკავშირებული მიდგომების გააზრება და პრაქტიკაში დანერგვა.

რას ნიშნავს საქართველოსთვის EPTA-ს თავჯდომარეობა?

EPTA-ს თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას. საყურადღებოა, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრი სექტემბერში საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს, რომელსაც ევროპის პენიტენციური სისტემების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

ასეთი მნიშვნელოვანი მისია ჩვენც ინტენსიური განვითარებისკენ გვიბიძგებს –  შევიმუშავეთ ათეულობით ახალი სასწავლო კურსი და ვზრუნავთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის დანერგვაზე. მაგალითად, სულ ახლახან, გაიხსნა სააკაძის სასწავლო  ბაზა, სადაც ყველა პირობაა იმისთვის, რომ პენიტენციური სისტემის თანამშრომლები გადამზადდნენ და ახალი უნარები შეიძინონ; სრულდება ყვარლის სასწავლო ცენტრის რემონტი, სადაც მსმენელებს ახალი და კომფორტული გარემო დახვდებათ. 

იუსტიციის სასწავლო ცენტრი მხოლოდ საჯარო მოხელეების გადამზადებას არ ემსახურება,  ხორციელდება ბევრი პროექტი მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების გაზრდისთვის…

დიახ, ეს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. სასწავლო კურსებს სამართლებრივ თემებზე სისტემატურად ვატარებთ, რაც მოსახლეობისთვის სრულიად უფასოა. ასევე, ვაწყობთ ზაფხულისა და ზამთრის სკოლებს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, სამართლებრივი ცოდნით ვაძლიერებთ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს… აქვე, არ შემიძლია არ აღვნიშნო, ჩვენი უახლესი მიღწევა – გერმანიის საჯარო მოხელეთა აკადემიასთან თანამშრომლობით,  ცენტრმა საერთაშორისო სერტიფიკატის გაცემა დაიწყო. კერძოდ, სოციალური მიმართულების ტრენინგების გავლის შემთხვევაში, მსმენელები საერთაშორისო დონის სერთიფიკატს მიიღებენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის ISO 9001:2015 შესაბამისობის ახალი სერტიფიკატიც მიიღო. ISO9001 წარმოადგენს ხარისხის მენეჯმენტის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ სისტემას, რომელიც ადასტურებს, მენეჯმენტის კუთხით, ორგანიზაციის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობას.

იუსტიციის სამინისტრო ევროინტეგრაციის კუთხით ყოველთვის მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, საგანმანათლებლო მიმართულებით რა სიახლეებია?

ის, რომ ცენტრი EPTA-ს თავმჯდომარეა, ჩვენ მიერ შემუშავებული და განხორციელებული ყველა ტრენინგი, სწორედ, დასავლური, ევროპული, სტანდარტებისა და ღირებულებების დანერგვას გულისხმობს. ახალი ამბავი კი ისაა, რომ ვგეგმავთ ევროკავშირის სამართლის ცენტრის შექმნას, რაც ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის სამართლის შესახებ ცნობიერების ამაღლებისათვის, ცენტრის ბაზაზე, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდება.