LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე მეტი „ოსკარის“ მფლობელი ფილმი და ყველაზე დაჩაგრული მსახიობები –  საინტერესო ფაქტები „ოსკარებიდან“

901
oscar

10 მარტს, ანუ სულ მალე, ლოს-ანჯელესის „დოლბის“ კინოთეატრში „ოსკარების“ რიგით 96-ე ცერემონია აიღებს სტარტს. ექსპერტები 23 ნომინაციიდან საუკეთესოებს სწორედ საზეიმო ცერემონიაზე დაასახელებენ. ცერემონიალის წამყვანი წელსაც კომიკოსი მსახიობი ჯიმი კიმელი იქნება.

საინტერესოა, რომ „ოსკარის“ ნომინანტები ჯერ კიდევ 23 იანვარს დაასახელეს, ამ დროიდან კინოკრიტიკოსებსა და მაყურებელს ჰქონდათ შესაძლებლობა, ენახათ წარდგენილი ფილმი, შეეფასებინათ მსახიობთა და კინორეჟისორთა ნამუშევრები და გაეკეთებინათ საკუთარი ფსონები. მართალია, ეს ყველაფერი ახლა მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ არსებობს დიდი ალბათობის პრინციპი, რომელიც „ოსკარზე“ ყოველთვის მუშაობს.

ზუსტად ვიცით, რომ წელს საპატიო „ოსკარს“ მსახიობი ანჟელა ბასეტი, კომიკოსი მელ ბრუკსი და მემონტაჟე კეროლ ლიტლტონი მიიღებენ, რაც ეხება ჯინ ჰერშოლტის სახელობის პრიზს, მას კინოპროდიუსერი მიშელ სეტერი მიიღებს. საინტერესოა, რომ 2024 წლიდან უკვე მოქმედებს ახალი წესები, რომლის მიხედვითაც, „ოსკარზე“ წარდგენილი ყველა ფილმი კინოაკადემიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რაც გულისხმობს ფილმში ისეთი თემების წამოწევას, როგორიცაა რასობრივი დისკრიმინაცია, ეთნიკური ჯგუფების უფლებები, ქალთა პრობლემები და სხვა.

სანამ წლევანდელ ნომინაციებზე გადავალთ, ცოტა რამ „ოსკარების“ ისტორიიდან, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს. ბევრმა ალბათ არც კი იცის, რომ ფილმის „ბეჭდების მბრძანებლის“ ბოლო ნაწილმა „ოსკარების“ რეკორდული რაოდენობა, 11 „ოსკარი“ მიიღო. ამ რეკორდით, მან გადაასწრო ლეგენდარული „ბენ ჰურისა“ და „ტიტანიკის“ რეიტინგს და ყველაზე ტიტულიანი ფილმის სტატუსი მიიღო, ფაქტობრივად, ფილმმა ყველა წარდგენილ ნომინაციაში გაიმარჯვა. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ ყველაზე მეტი „ოსკარის“ მფლობელი ლეგენდარული კეტრინ ჰეპბერნია, რომელმაც 4 „ოსკარი“ მიიღო და ის 12-ჯერ იყო ნორმირებული. მას მოჰყვება ინგრიდ ბერგმანი, 7 ნომინაციით და დენიელ დეი ლუსი, 6 ნომინაციით.

„ოსკარის“ კიდევ ერთი უცნაურობაა A კლასის მსახიობები, რომელთაც უდიდესი წარმატების მიუხედავად, ამერიკის კინოაკადემიამ „ოსკარი“ არ აღირსა. მაგალითად, ამ სიის ლიდერია ჯონი დეპი, მას მოსდევენ კიანუ რივზი, ვუდი ჰარელსონი, რაიან გოსლინგი, სელმა ჰაიეკი. ამ სიის სათავეში იდგა ლეონარდო დიკაპრიო, რომელიც, როგორც იქნა, 2016 წელს გახდა „ოსკარის“ მფლობელი, თუმცა, ყველა ელოდა, რომ ის „ოსკარს“ ჯერ კიდევ 1994 წელს „ტიტანიკში“ შესრულებული ჯეკის როლისთვის მიიღებდა.

რა ტიპის რეკორდს მოხსნის „ოსკარი“ 2024-ში, ამას სულ მალე გავიგებთ, იქამდე კი, უფრო ახლოს გავიცნობთ ნომინანტებს და ერთად დავდებთ ფსონს საუკეთესოებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები