საპროდიუსერო კომპანია – 1991 Productions სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას ლევან აკინის ფილმის „გზაჯვარედინზე“ დაფინანსების წყაროებთან დაკავშირებით.
გთავაზობთ განცხადების ტექსტს:
„ლევან აკინის ახალი ფილმი „გზაჯვარედინზე”, რომლითაც გაიხსნა 2024 წლის ბერლინალეს პროგრამა „პანორამა”, 5 სხვადასხვა ქვეყნის საპროდიუსერო კომპანიის კოპროდუქციას წარმოადგენს. შვედ, ფრანგ, დანიელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, ფილმის წარმოებაზე იმუშავა, ნინო ჩიჩუასა და ანა ხაზარაძის მიერ დაფუძნებულმა საპროდიუსერო კომპანიამ – 1991 Productions.
პარტნიორმა კომპანიებმა საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დანიიდან, თურქეთიდან და საქართველოდან ფილმის კოპროდუქციაში ჩადეს საკუთარ ქვეყნებში მოძიებული ფინანსური რესურსი. კომპანიის დროის და რესურსის შენატანს მიღმა, ქართულმა კომპანიამ – 1991 Productions-მა ლევან აკინის ფილმის წარმოებაში ფულადი წვლილის შეტანა შეძლო სახელმწიფო სააგენტოს „აწარმოე საქართველოს” პროგრამის “გადაიღე საქართველოში” დაფინანსებით.
ვრცელდება ცრუ ინფორმაცია კომპანია 1991 Productions-ის და ფილმის ,,გზაჯვარედინზე” დაფინანსების წყაროსთან დაკავშირებით. კომპანია 1991 Productions-ის კინოწარმოება არასდროს დაუფინანსებია მამუკა ხაზარაძეს, ან მის მიერ დაფუძნებულ რომელიმე ორგანიზაციას.
თავს ვალდებულად ვგრძნობთ, ჩამოვთვალოთ პარტნიორები რომელთა ფინანსური კონტრიბუციითაც შეიქმნა ეს ფილმი:
ევროსაბჭოს კულტურის ფონდი ევრიმაჟი,
შვედეთის კინოინსტიტუტი,
შვედეთის ტელევიზია SVT,
Nordisk კინო და ტელევიზიის ფონდი,
RMV Film,
დანიის კინოინსტიტუტი,
DR დანიის მაუწყებელი,
ფრანგული კინოფონდი Aide aux cinémas du monde,
აწარმოე საქართველოში – პროგრამა “გადაიღე საქართველოში”.
1991 Productions 2017 წელს დაფუძნებული საპროდიუსერო კომპანიაა, რომელიც ევროპული კოპროდუქციის საშუალებით, ავითარებს და აფინანსებს ნიჭიერი რეჟისორების მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს.
1991 Productions-ის უახლესი ფილმებია:
დოკუმენტური ფილმი – “ღიმილიანი საქართველო”, რეჟისორი – ლუკა ბერაძე. მსოფლიო პრემიერა 2023 წლის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.
დოკუმენტური ფილმი – “დიდება დედოფალს”, რეჟისორები – თათია სხირტლაძე და ანა ხაზარაძე, (კოპროდუქცია: ავსტრია, სერბეთი). ფილმი იხილეს 25-ზე მეტ ფესტივალზე მსოფლიო მასშტაბით. 2021 წელს, საქართველოში დაიმსახურა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო – ოქროს პრომეთე“.