LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ვარჯიშები შეგიძლიათ გააკეთოთ შფოთვის შემოტევის დროსაც და მიზეზის გარეშეც, საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია“ – ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე მოქალაქეებს მნიშვნელოვან რჩევებს უზიარებს

355
Untitled design (1)

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში მოქალაქეებს მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს. ფსიქოლოგი იმ მეთოდებზე წერს, რომელთა შესრულებაც შფოთვის და ნეგატიური აზრების მოჭარბების დროს ადამიანს მნიშვნელოვნად ეხმარება.

„რა მაგის პასუხია და ჭარბი შფოთვა, მოჭარბებული ნეგატიური აზრები ან გაუაზრებელი, განცდის სახით ნაგრძნობი ფორიაქი ერთგვარად რიტმიდან ამოვარდნადაც შეგვიძლია განვიხილოთ. რას ნიშნავს რიტმი და ამოვარდნა? ჩქარებს ცეკვავ თუ ნელებს, ორივეს აქვს რიტმი. სამყაროა საერთოდაც რიტმული. წარმოიდგინეთ, დედამიწა რომ ამოვარდეს რიტმიდან და კუნტრუშით დაიწყოს მზის გარშემოვლა, ან უკუღმა დაიძრას ზიგზაგებით, ხომ უნდა ვურჩიოთ რამე, რომ ისევ ჩადგეს კალაპოტში, მოიცა, ჩემიდედამიწა, გაასწორე ხაზიო, ხომ ეტყოდით.

ხოდა, რიტმის გასწორების მარტივი მექანიზმი, რომელიც თქვენს ხელთაა, სუნთქვითი ვარჯიშებია. სუნთქვის რიტმის გასწორების გამო ეჩვენება ბევრ მწეველს, რომ სიგარეტი ამშვიდებს, რეალურად კი სიგარეტი სტიმულანტია და პირიქით, აძლიერებს შფოთვას.

მისგან მოგვრილი წამიერი სიმშვიდე არაფერია სხვა, თუ არა ცხელი და მომწამლავი ჰაერით მედიტაცია. უსიგარეტო, ანუ არამომწამლავი მედიტაცია, მაგალითად, ერთერთი, სუნთქვითი უმარტივესი ვარჯიში დაიმახსოვრეთ და ასუნთქდით თქვენგენაცვალეთ, რომ მოიხსნათ დაძაბულობა: ღრმად ჩაისუნთქეთ შვიდი წამის განმავლობაში, შეიკავეთ კიდევ შვიდი წამი და ამოისუნთქეთ რვა წამის განმავლობაში, გააკეთეთ ეს ათჯერ.

შეგიძლიათ გააკეთოთ რუტინულად, ყოველდღე, მიზეზის გარეშეც და უშუალოდ შფოთვის შემოტევის დროსაც. რა თქმა უნდა, ეს არ არის გამკლავების სრულყოფილი გზა, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტია“, – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები