ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 24-25 თებერვალს, გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მესტიაში, უკვე მეორედ, „გემო ფესტი“ ჩატარდება.
კულინარიული ფესტივალის ფარგლებში სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები მოეწყობა. „გემო ფესტის“ სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ იშვიათი და ნაკლებად ცნობილი ტრადიციული სვანური კერძები, რომელსაც ადგილობრივი მზარეულები ამზადებენ. ფესტივალის მოსამზადებელ პერიოდში გამოცდილმა შეფ-მზარეულებმა „გემო ფესტის“ მონაწილეებს კერძების არჩევისას და მომზადებისას რეკომენდაციები გაუწიეს.
ფესტივალის პარტნიორია საქართველოს აეროპორტების გაერთიანება. „გემო ფესტის“ მასპინძლებს შორისაა მესტიის აეროპორტი.
„მოგეხსენებათ, „გემო ფესტის” მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია, ადგილობრივი მეწარმეების/ოჯახების ხელშეწყობა, შიდა და საერთაშორისო მოგზაურების ნაკადების გაზრდაა. „გემო ფესტზე“ წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო მედიაც, რომელიც საქართველოს როგორც გასტროტურისტული მიმართულების შესახებ დაწერს“, – აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.