საქართველოს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
ლაშა ხუციშვილმა უპირველესად საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, საქართველო აღნიშნულ ქვეყნებს მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება ან/და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპით, ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით, მთავრობის ვალისა და ბიუჯეტის დეფიციტის სიმცირისა და პანდემიის შემდეგ მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების აღდგენის სისწრაფის მიხედვით.
ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აფასებს მიმდინარე პროგრესს, ახორციელებს ანალიზს და მასზე დაფუძნებულ დაგეგმვას. მისი თქმით, გასულ წელს 2023-2026 წლების საჯარო ფინანსების მართვის სტრატეგია დამტკიცდა, რომელიც „სახელმწიფო დანახარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA)” 2022 წლის შეფასებას ეფუძნება.
„შეფასების მიხედვით, 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში გვაქვს უმაღლესი შეფასება. ამასთან, საქართველოს საუკეთესო შეფასება აქვს PEFA-ს მეთოდოლოგიით შეფასებულ 59 ქვეყანას შორის. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგია ორიენტირებულია არა მხოლოდ ცენტრალურ, არამედ მუნიციპალურ დონეზე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებაზე“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისი თქმით, სტრატეგიის ახალი მიმართულებაა საბიუჯეტო პროგრამების ეფექტურობის შეფასების დაწყება.
„ბიუჯეტის გამჭვირვალობის (OBS) განახლებული ინდექსის მიხედვით, საქართველომ არა მხოლოდ შეინარჩუნა ადგილი ყველაზე გამჭვირვალე ქვეყნების რიგში, არამედ პროგრესიც დაადასტურა და გლობალურ რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა 120 ქვეყანას შორის“, – აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსიდან გამომდინარე, საქართველო პირველად შეუერთდა ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის შემუშავებული მეთოდოლოგიით ეკონომიკური რეფორმების საშუალოვადიანი პროგრამის მომზადების პროცესს და დათქმულ ვადაში (2024 წლის 15 იანვარს) ევროკომისიას წარუდგინა ეკონომიკური რეფორმების პროგრამა 2024-2026 წლისათვის. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის.
სიტყვით გამოსვლისას ფინანსთა მინისტრმა საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის საკითხებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები სრულად პასუხობს ევროკავშირის სტანდარტებს. შექმნილია მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს საქმიანობა ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში.
ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო და ორმხრივ პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, მიმდინარე წელს იგეგმება, რომ საქართველო აზიის განვითარების ბანკის ADF (აზიის განვითარების ფონდი) პლატფორმას შეუერთდეს, როგორც დონორი ორგანიზაცია.
მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს აქტიური სამზადისი 2024 წლის მაისში აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის მასპინძლობისათვის, რაც იქნება ამ მიმართულებით საქართველოში ჩატარებული ყველაზე დიდი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას 68 ქვეყნის 4000-მდე დელეგატი მიიღებს.