LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენ დათო ყიფიანი გვყავს და მარადონამ მასთან კონკურენციას შეიძლება ვერ გაუძლოსო

47

1981 წლის სექტემბრის პირველ რიცხვებში, მადრიდში გამართულ ოთხთა ტურნირზე თბილისის ”დინამომ” აღფრთოვანებაში მოიყვანა გულშემატკივარი და ფეხბურთის სპეციალისტები. აი რას იხსენებს ”დინამოს” მრისხანე ფორვარდი ვლადიმერ გუცაევი, რომელიც საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და რომელსაც მაშინ ”რეალი” კონტრაქტსაც თავაზობდა.
– საღამოს სასტუმროში მადრიდელი ჟურნალისტები მოვიდნენ და ჩემთან და რამაზთან ინტერვიუს აღება ითხოვეს. სამივე მათგანი შუახნისანი იყვნენ და ეტყობოდათ, რომ მრავალი საფეხბურთო ბატალიის მომსწრენი იყვნენ. ერთმა მათგანმა პირდაპირ გვკითხა, დიეგო მარადონა ”დინამოში” რომ გადმოვიდეს, ძირითადში ადგილს თუ დაიმკვიდრებსო. მე და შენგელიამ ერთმანეთს გადავხედეთ, შემდეგ იხტიბარი არ გავიტეხეთ და რეპორტიორს ვუპასუხეთ, ჩვენ დათო ყიფიანი გვყავს და მარადონამ მასთან კონკურენციას შეიძლება ვერც კი გაუძლოსო. მეორე ჟურნალისტმაც ჩვენი მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა და ბოლოს გვითხრა, მთელი ცხოვრება ფეხბურთს ვემსახურები და თბილისის ”დინამოს” დარი ტექნიკური, დაბალანსებული გუნდი აქამდე მხოლოდ ორჯერ მყავს მინდორზე ნანახი – 1970 წლის ბრაზილიის ნაკრები და კრუიფის დროინდელი ”აიაქსიო”. პირველი ორი მათგანის მსგავსად მესამე კოლეგამაც აღფრთოვანება არ დამალა – თქვენნაირი შთამბეჭდავი თამაში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” მხოლოდ ალფრედო დი სტეფანოს აქვს ნაჩვენებიო”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები