მადრიდის ”რეალი” – ეს ჯადოსნური სიტყვებია სპორტის მოყვარულთათვის და არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს რომელი გუნდის ქომაგი ხარ, როდესაც შენ თვალწინ მადრიდის ”რეალის” ისტორია, აწმყო და ”სანტიაგო ბერნაბეუს” სტადიონი გადაიშლება. ეს სტადიონი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ადგილია და ”რეალიც” ძალიან კომერციული პროექტია. ამ სამეფო კლუბის ემბლემა რასაც არ უნდა მიაკრა, ყველაფერი ათმაგად იყიდება და თავად კლუბის ხელმძღვანელობაც ყველაფერს ყიდის. რა ხდება ”რეალის” საშინაო მატჩის დროს, ალბათ ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს. ბედნიერი ხალხით გადავსებულ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე დახლები ეწყობა და იმდენი რამე იყიდება, მარტო დათვალიერებას მოუნდები მთელი დღე. ფასები ბევრად იაფია, ვიდრე ოფიციალურ მაღაზიებში, თუმცა ხარისხიც შესამჩნევად დაბალია. თუმცა სამახსოვროდ რაიმეს არჩევა ნამდვილად შეიძლება.
დავუბრუნდეთ სტადიონს, ტურის ფასი 19 ევროა და ერთი ფოტო რომ გადაგიღონ, ცალკე ფულს გთხოვენ, თან რამდენს – 17 ევროს (12 ევრო ღირს უფრო მომცრო ზომის ფოტოს გამოტანება). 19 ევრო რა მოსატანია იმ ემოციის შეგრძნებასთან, იმ განცდასთან, რაც ამ სტადიონზე შეგემთხვევა და როცა თვით ”რეალს” ეხები.
”სანტიაგო ბერნაბეუს” დიდებული არენა მთელი მსოფლიოს გულშემატკივრებისთვის მუდმივად ღიაა (გარდა სადღესასწაულო დღეებისა და პლუს შეზღუდვებია იმ დღეს, როდესაც ”რეალი” შინ თამაშობს) და ბუნებრივია ”ბერნაბეუს” ტური მნახველების სიმცირეს არ უჩივის. ჩვენც თანმიმდევრობით მივყვეთ.
ტური პირობითად ათი მონაკვეთისგან შედგება.
თავდაპირველად სტადიონის ყველაზე მაღალ ადგილზე ადიხარ და მთელ პანორამას გაჰყურებ.
აქედან ისტორიაში საუკეთესო კლუბის (ასე უწერიათ თვითონ) დარბაზში შედიხარ და აუდიოვიზუალისა და არანაორმალური ოდენობის ტროფეების გარემოცვაში აღმოჩნდები. ძალიან ძნელია აქ არსებული ყველაფრის ჩამოთვლა, მაგრამ შევეცდები ცოტა რამ მაინც ვთქვა: მუზეუმში ინახება სხვადასხვა დროის ბურთები და ბუცები, ასევე კლუბის ეკიპირება, ლოგოების ევოლუცია, ძველი მატჩების ანონსები, ესპანეთის თასის სხვადასხვა დროის ვერსიები, საჩემპიონო ჯილდოები, ევროპის სუპერთასი, საკონტინენტთაშორისო თასი, ერთჯერადი თასები (ლათინურ ამერიკაში ერთჯერად ტურნირებზე მოგებული), რაულის ბუცები (1998 წლის საკონტინენტთაშორისო თასზე გატანილი გადამწყვეტი გოლი)… ცალკეა საკალათბურთო ”რეალის” თასები და ა.შ. დაუმთავრებლად.
მუზეუმიდან კიდევ ერთ დარბაზში გადადიხარ, სადაც მოქმედი ფეხბურთელების მაისურები, ”რეალისტების” მიერ მოპოვებული ”ოქროს ბუცები” და ”ოქროს ბურთებია” გამოფენილი (მათ შორის კრისტიანო რონალდოსიც), აქვეა ლა დესიმა: ”რეალის” ათივე ჩემპიონთა თასი.
შემდეგი გაჩერება ფოტომონტაჟია: გადაგიღებენ ფოტოს და გასვლისას დაგახვედრებენ იმ ფეხბურთელთან ერთად, რომელსაც თავად აირჩევ (უმეტესობა რონალდოს ირჩევდა – ფასებზე უკვე გითხარით).
შემდეგ ქვედა ტრიბუნების გავლით მიუყვები მოედნისკენ მიმავალ გზას და ასე ახლოს ”სანტიაგო ბერნაბეუს” მინდორი არასდროს არ ყოფილა. აქ პატარა გადახვევა. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს კიდეც, მინდორზე მდგარი მანათობელი მანქანები. ამ დანადგარებით თურმე მინდორს ზამთრისთვის ამზადებენ, ეს მზის სხივების ტოლფასი განათებაა, რაც გაზონს საშუალებას აძლევს იანვრისთვის ჩვეული ხარისხი შეინარჩუნოს.
თქვენს წინაშე აღმოჩნდება ვიპ-ზონა (ამა ქვეყნის ძლიერთაგან ალბათ ვინ არ მჯდარა ამ სავარძლებში), გასახდელი (სადაც თითოეული ფეხბურთელს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი), საშხაპეები, საპირფარეშო და დგება განსაკუთრებული მომენტი: მოედნისკენ გადიხარ იმ გასასვლელით, რითაც სარგებლობენ ”რეალის” (და მისი მეტოქე გუნდის) ფეხბურთელები. ახლა წარმოიდგინეთ ამ გვირაბში ვის არ გაუვლია – რონალდოს, რაულის და ბუტრაგენიოს გარდა სხვა გუნდების ვარსკვლავებიც არ დავივიწყოთ და მარტო მესის და მარადონას ხსენება რად ღირს.
როდესაც ცხოვრების ამ დაუვიწყარი ეპიზოდით ისიამოვნებთ, შემდეგ საპრესკონფერენციო დარბაზში შეხვალთ და მწვრთნელის სკამზეც შეგიძლიათ მიბრძანდეთ და თქვენც თქვათ ორიოდ სიტყვა (ოღონდ თქვენთვის, ”მარკა” ამას არ გააშუქებს).
ბოლო გაჩერება სტადიონზევე არსებული კლუბის ოფიციალური მაღაზიაა. აი ამ თემაზე გაჩერებას კი აღარ ვაპირებ, თორემ ნერვები თავადაც ხომ დამაწყდება და ალბათ თქვენც მოგიშლით იმის აღწერით თუ რა იყიდება ამ მაღაზიაში. უბრალოდ, ბევრ ფულს გისურვებთ, როდესაც იქ აღმოჩნდებით. თორემ როდესაც მადრიდში ჩახვალთ, ”სანტიაგო ბერნაბეუს” რომ აუცილებლად ეწვევით, ეჭვიც არავის ეპარება – Hala Madrid!
ვახტანგ დარასელია
მადრიდი-თბილისი