სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის შესახებ სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სააგენტოს დირექტორი და მოადგილე, ეკონომიკის სამინისტროსა და USAID-ის წარმომადგენლები, ასევე, საბროკერო კომპანიები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულების ერთ-ერთი კომპონენტი განიხილეს, რომელიც ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული მიმართულებით 2024 წელს სააგენტო კომპანიებს ობლიგაციების გამოშვებაში დაეხმარება. დაგეგმილია 15-მდე ბენეფიციარის მხარდაჭერა, რომლებიც საფონდო ბაზარზე 150 მილიონამდე დამატებით საინვესტიციო რესურსს მოიზიდავენ.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის თქმით, ობლიგაციების გამოშვების კომპონენტს სააგენტო USAID-თან თანამშრომლობით განახორციელებს.
„მოგეხსენებათ, სახელმწიფო დიდი ხანია ახორციელებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის სხვადასხვა პროგრამას. მოხარულები ვართ, რომ „აწარმოე საქართველოში“ გადადის ახალ ეტაპზე – ვამატებთ კაპიტალური ბაზრების მიმართულებას და მალე კომპანიებს ფასიანი ქაღალდების გამოშვებისას კონკრეტული მხარდაჭერით სარგებლობა შეეძლებათ, კერძოდ, პირველ ეტაპზე სააგენტო საკრედიტო რეიტინგის მოპოვების და განთავსების საკომისიოს ხარჯების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ „აწარმოე საქართველოში“ გადადის სრულიად ახალ ეტაპზე, რაც ნიშნავს, რომ ბანკის დაფინანსებას ქვეყანაში ექნება ალტერნატივა – ფასიანი ქაღალდების გამოშვების ხელშეწყობისა და მცირე და საშუალო ბიზნესის კერძო ფონდის შექმნით. მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ახალი ინიციატივის შესახებ და უკვე მოგვმართავენ კომპანიები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფასიანი ქაღალდების გამოშვებით. მოხარულნი ვართ, რომ ვთანამშრომლობთ USAID-თან, რომელიც სააგენტოსთან ერთად დაეხმარება მეწარმეებს“, – აღნიშნა ხიდურელმა.
2024 წელს კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით სააგენტო მთელ რიგ ღონისძიებებს განახორციელებს, რომლებიც ხელს შეუწყობს დაფინანსების ალტერნატიული მექანიზმების განვითარებას. ობლიგაციების გამოშვების თანადაფინანსებასთან ერთად, ეს იქნება საინვესტიციო ფონდების განვითარება და აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ხელშეწყობა.