ორი მნიშვნელოვანი რამ, რაც ტურისტებს ტოლედოში არ ჰყოფნით – დრო და ძალები. დრო საჭიროა, რათა ურიცხვი ღირსშესანიშნაობა დაათვალიერო, ხოლო ძალები საჭიროა, რათა ხვეული, კლაკნილი და ბორცვიანი ქუჩები საკუთარი ფეხით მოიარო.
იმისათვის, რომ ტოლედო შესრულებული მისიის შეგრძნებით დატოვოთ, საჭიროა სწორად დაგეგმოთ ექსკურსია, ხოლო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი მაქსიმალურად კომფორტულად შეარჩიოთ.
ეს შედარებით პატარა ქალაქია, რომელიც ერთ დროს ესპანეთის დედაქალაქი იყო. მე-16 საუკუნეში სამეფო სახლი მადრიდიდან 70 კმ-ს მოშორებით გადავიდა, რომელიც თითქოს შუა საუკუნეებში დაკონსერვდა. შესანიშნავად შემონახული ისტორიული ცენტრის გამო ტოლედომ ესპანეთის კულტურული დედაქალაქის სახელი დაიმკვიდრა და ბარსელონასთან, მადრიდთან და გრანადასთან ერთად ქვეყნის საგანძურს წარმოადგენს. საციხო კედლით შემოსაზღვრული ქალაქი მოკირწყლული ქუჩების ლაბირინთით, ყოველ ნაბიჯზე ტაძრებითა და მუზეუმებით იუნესკოს დაცვის ქვეშაა.
ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი რომაელებმა დააარსეს, რომლებმაც აქ ციხესიმაგრე ტოლეტუმი ააგეს. ქალაქი ჯერ ვესთგოთებმა დაიპყრეს, მერე მავრებმა და ის საკუთარი სახელმწიფოს დედაქალაქად აქციეს. მე-11 საუკუნის ბოლოს ტოლედო კასტილიამ დაიპყრო და კასტილიის მეფეებმა ის საკუთარ რეზიდენციად აქციეს. ტოლედო ძველი ესპანეთის დედაქალაქად რჩებოდა 1561 წლამდე, სანამ ფილიპ II-მა დედაქალაქი მადრიდში არ გადაიტანა.
ესპანეთში ვერსად ვერ ნახავთ ამდენ ისტორიულ შენობასა და კულტურულ ძეგლს, რომლებიც ერთ ადგილზეა თავმოყრილი.
ესპანეთის ამ ულამაზეს ქალაქს „სამი კულტურის ქალაქს“ უწოდებენ. ისტორიული ცენტრი ნამდვილი მუზეუმია ღია ცის ქვეშ. ტოლედო ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქალაქია, რომელიც ცნობილია თავისი ტრადიციული ხელოსნობით, დამასკოს ფოლადითა და უგემრიელესი მარციპანებით. ქალაქი ასევე ცნობილია ელ გრეკოს შედევრებით, რომლებიც ბევრ ტაძარშია, ასევე მუზეუმშია.
ტოლედო ესპანეთის ცენტრში მდებარეობს, მადრიდიდან 70 კმ-ში, პირენეის ნახევარკუნძულის ყველაზე დიდი მდინარის ტახოს ნაპირზე. ისტორიული ცენტრი გორაკზეა და ოთხ რაიონად იყოფა.
ტოლედოში ცივი ნახევრად მშრალი კლიმატია, რაც დამახასიათებელია ცენტრალური ესპანეთისთვის. ნალექი ძირითადად გაზაფხულსა და გვიან შემოდგომაზეა. ზაფხული ცხელი და მშრალია. ზამთარი ცივი, იცის ყინვაც.
მოსახლეობა – 83.7 ათასი ადამიანი.
ფართობი – 232.1 კვ/კმ.
როგორ მივიდეთ
ტოლედო მადრიდიდან 70 კმ-შია. ავტობუსები ყოველ ნახევარ საათში დადის ავტოსადგურ Plaza Elíptica-იდან. მგზავრობას დაახლოებით ერთი საათი სჭირდება. ბილეთის ფასი ერთი მიმართულებით საშუალოდ 5 ევროა. უკანაც თუ ბრუნდებით, სჯობს ორმხრივი ბილეთი შეიძინოთ და ასე ნაკლები ფასი გამოგივათ.
სწრაფი მატარებელი კი 33 წუთში ჩადის. მატარებელი სადგურ ატოჩადან (Atocha) გადის. მატარებლის ფასი ავტობუსზე ძვირია და გასვლის საათზეა დამოკიდებული, მაგალითად, ბილეთის ფასი 7 ევროც შეიძლება იყოს და 14 ევროც.
კვება
სახელგანთქმული ადგილობრივი პაელიას გასინჯვისთვის ტოლედო საუკეთესო ადგილი არ არის. თუმცა ტურისტული ცენტრი უამრავ კაფესა და რესტორანს გთავაზობთ. ტოლედოს გასტრონომია ჩამოყალიბდა სამი კულტურის გავლენით, ამიტომ აქ შეხვდებით ებრაულ, ევროპულ და მუსლიმურ სამზარეულოს.
ზოგიერთი ტრადიციული კერძი:
Perdíz a la Toledana – ჩაშუშული ქათამი სპეციებით.
Carcamusas – საქონლის ან ღორის ჩაშუშული ტომატითა და ბარდათი.
Tres vuelcos – დაკონსერვებული ჩაშუშული ხორცი ბოსტნეულით.
Cochifrito – შემწვარი გოჭი ნივრით.
Atascaburras – კალმახი (ვირთევზა) კარტოფილითა და ნივრით.
ტოლედო ცნობილია მარციპანებით. აქ არის დონ კიხოტის ქანდაკება, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი – 3.59 მ (2016 წლის 23 აპრილი).
რა ჩამოვიტანოთ
ესპანეთის ძველ დედაქალაქში ტრადიციული სუვენირების (მაგნიტები) ზღვა არჩევანია. თუმცა, თუ ტოლედოზე მოგონება გინდათ დიდხანს გაგყვეთ, მაშინ ამ ქალაქის სავიზიტო ბარათად ქცეული ნივთის შეძენა სჯობს: ტოლედოს ოქრო, კერამიკა (დამზადების ტრადიციას მე-11 საუკუნიდან ინახავენ) ან ფოლადი.
ამ ტექნიკით დამზადებული ნივთების მხრივ კი უდიდესი არჩევანია: ზარდახშა, ჭადრაკი, ხმლები, სამკაულები…
ამბობენ, რომ „ბეჭდების მბრძანებლის“ კინოტრილოგიისთვის ხმლები სწორედ ტოლედოში დაამზადეს. ამიტომ აქაურ მაღაზიებში ამ ფილმში გამოყენებული იარაღების ასლები უხვად შეგხვდებათ.
ბევრი მაღაზია და სავაჭრო ცენტრი მდებარეობს კომერსიოს ქუჩაზე. ფასები ყველგან იკბინება, თუმცა უჩვეულო ჩანთის, კაბის ან ბიჟუტერიის წამოღება შეიძლება და ღირს კიდეც, ისევე როგორც ადგილობრივი ღვინის, სახელგანთქმული ყველი „მანჩეგოსი“ (არსებობს მცირე ზომის მუზეუმიც), რომელზეც თვით სერვანტესი წერდა, ზაფრანისა და მარციპანების.
გასეირნება
შეგიძლიათ ისარგებლოთ ორი სახის საექსკურსიო ტრანსპორტით. ორსართულიანი წითელი ავტობუსი პირდაპირ რკინიგზის სადგურის შესასვლელთან დგას. ის ერთი საათის განმავლობაში 12 საკულტო ადგილს ჩამოუვლის.
ტურისტული ZocoTren სოკოდოვერის მოედნიდან გადის და ძირითადად ისტორიული ცენტრის გარშემო ტრიალებს. მგზავრობა დაახლოებით 45 წუთიანია. ზამთარში საათში ერთხელ დადის, ზაფხულში ყოველ ნახევარ საათში.
ბილეთები იყიდება Calle Silleria, 14-ში მდებარე ჯიხურში.
იდეალურია ტოლედოში ერთი ღამით დარჩენა, მშვიდად სეირნობა და ყველაფრის ნახვა, მაგრამ თუ ერთი დღით ხართ და თან უკან დაბრუნება გეჩქარებათ, მაშინ საკულტო ძეგლებს შორის ყველაზე მთავარი უნდა ნახოთ.
ალკასარის სასახლე (Alcázar of Toledo)
ყველაზე მაღალ ბორცვზე, ზღვის დონიდან 548 მეტრზე აგებულია შუა საუკუნეების მონუმენტური ვეებერთელა. ამ ადგილზე ჯერ კიდევ რომაელების ეპოქაში აიგო სასახლე. მე-10 საუკუნეში არაბებმა ციხესიმაგრე გააკეთეს, რომელიც შემდგომში ესპანეთის მეფეების ხელში გადავიდა. დღეს აქ მდებარეობს ბიბლიოთეკა და სამხედრო მუზეუმი (5 ევრო), სადაც წარმოდგენილია იარაღის, უნიფორმებისა და მედლების კოლექცია.
სამუშაო დღეები: სამშაბათი-კვირა: 10:00-17:00, ორშაბათი დასვენების დღეა.
ბილეთი: 6.15 ევრო, კვირას შესვლა უფასოა. ეზოს დასათვალიერებელი ბილეთი 3.69 ევრო.
ელ გრეკოს სახლ-მუზეუმი (Museo del Greco)
თუ ებრაული კვარტალის ვიწრო ქუჩებში ხალხმრავლობაა, ე.ი ეს ხმაურიანი რიგი ელ გრეკოს სახლ-მუზეუმთან დგას. მუზეუმი ჩვეულებრივ გალერეას არ ჰგავს, უფრო ფერმწერის ცხოვრების იერსახის შექმნის მცდელობაა.
აღორძინების ხანის გავლენიანი მხატვრის მუზეუმში წარმოდგენილია არა მარტო ოსტატის საუკეთესო ნამუშევრები, არამედ სხვა მხატვრების ნაწარმოებებიც, მათ შორის ქანდაკებები, სურათები და ავეჯი.
საუკუნის დასაწყისში ერთმა არისტოკრატმა ეს შენობა იყიდა, ელ გრეკოს სახლი ეგონა და პირველყოფილი იერის დაბრუნება გადაწყვიტა, მაგრამ სინამდვილეში ელ გრეკო აქ არასდროს არ ცხოვრობდა.
მიუხედავად ამისა, აქ დიდოსტატის ორიგინალი ნამუშევრების უნიკალური კოლექციაა. მუზეუმის შემქმნელებმა შუა საუკუნეების დროინდელი სახლების ატმოსფერო მაქსიმალურად გადმოსცეს, მოაგროვეს რა ძველი ავეჯისა და ინტერიერის საგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები.
სამუშაო დრო: სამშაბათი-შაბათი: 9:30-19:30 (მარტი-ოქტომბერი), სამშაბათი-შაბათი: 9:30-18:00 (ნოემბერი-თებერვალი), კვირა: 10:00-15:00, ორშაბათი: დასვენების დღე.
ბილეთების გაყიდვა წყდება მუზეუმის დაკეტვამდე 15 წუთით ადრე.
ფასი: 3 ევრო.
საკათედრო ტაძარი (Catedral de Toledo)
წმინდა მარიამის საკათედრო ტაძარი ის ადგილია, რომლის გამოტოვება არაფრით შეიძლება. ეს ძველი ქალაქის ცენტრი და გულია, ისტორიული მოვლენების მოწმე.
გოთიკური არქიტექტურული ძეგლი, რომელსაც დიდი კულტურული და რელიგიური მნიშვნელობა აქვს, ასევე ცნობილია სახელწოდებით სანტა იგლესია კათედრალ პრიმადა დე ტოლედო (Santa Iglesia Catedral Primada de Toledo), რომლის მშენებლობა 200 წელიწადს გაგრძელდა და მე-15 საუკუნის ბოლოს დასრულდა.
ინტერიერი გაფორმებულია ტრადიციული მომრგვალებული ფანჯარა-ვიტრაჟებით (მე-14-16 სს) და 88 მდიდრული სვეტით. საცავში ინახება ველასკესის, გოიას, ელ გრეკოს ნამუშევრები, ასევე რუბენსის, რაფაელისა და ტიციანის ტილოები. საინტერესოა სასულიერო პირების მანტიების ოთახიც. დამატებით საფასურად შეგიძლიათ ნახოთ სამრეკლო და დატკბეთ პანორამული ხედებით.
შესვლა: 12.50 ევრო.
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი: 10:00-18:00, კვირა: 14:00-18:00.
ბისაგრას კარიბჭე (puerta de bisagra)
მე-16 საუკუნე. თავდაპირველად კარიბჭე დამოუკიდებელი დამცავი ციტადელი იყო. გარე ნაწილს ამშვენებს რამდენიმე ცილინდრული კოშკი, ცენტრს – გიგანტური ქვის ორთავა არწივი. წვერზე ქალაქის გერბია.
ბისაგრა ერთ დროს ქალაქის მთავარი შესასვლელი იყო. მავრების აშენებულმა ნაგებობამ სახელწოდება არაბულიდან მიიღო Bab-Shagra, რაც ნიშნავს „კარი, რომელიც მინდორში გადის“.
ალკანტარას ხიდი (Puente de Alcántara)
მე-13 საუკუნემდე ეს ერთადერთი საშუალება იყო ქალაქში შესასვლელად. ლეგენდის თანახმად, ხიდი ჯერ კიდევ მე-9 საუკუნეში მოეწყო და მრავალი ნგრევა და რეკონსტრუქცია გამოიარა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ხიდს არქიტექტურის ძეგლის სტატუსი მიანიჭეს.
ხიდი ორი აგურის თაღისგან შედგება ტრიუმფალური თაღით ბაროკოს სტილში და ორი მხრიდან კოშკურებით. აქედან ულამაზესი ხედი იშლება მდინარესა და ალკასარის ბორცვზე.
წმინდა მარტინის ხიდი (Puente de San Martín)
მე-13-14 საუკუნეების თაღოვანი ნაგებობა. მე-16 საუკუნეში ხიდი გაამაგრეს ქვის კოშკებით. ქალაქის ისტორიულ ნაწილზე მშვენიერი ხედი იშლება.
ლეგენდის თანახმად, ხიდის გახსნამდე ერთი დღით ადრე, არქიტექტორი მიხვდა, რომ გათვლებისას შეცდა და ხიდი შეიძლება ჩანგრეულიყო. ქმრის დასაცავად ცოლმა ღამით, ჭექა-ქუხილის დროს, ხიდი დაწვა, ვითომ მეხი დაეცა. დღეისათვის ქალის ქანდაკება ხიდის ცენტრშია.
სოკოდოვერის მოედანი (Plaza Zocodover)
აქ იმართებოდა ინკვიზიციის სასამართლოები და ცეცხლზე დაწვა, ხარების ბრძოლა, აქ ხვდებოდნენ მეფეებს, ვაჭრებისთვის აღევლინებოდა წირვა.
ეს ყოფილი არაბული ბაზრის (souk) ტერიტორიაა. მე-17 საუკუნის ბოლოს სოკოდოვერი თითქმის მთლიანად დაიწვა. აღადგინეს მხოლოდ მე-19 საუკუნეში.
დღესათვის სწორედ აქედან იწყება ყველაზე ცნობილი ტურისტული მარშრუტები. მუდმივად ტარდება კონცერტები, ბაზრობები, სახალხო ზეიმი.
მუნიციპალური რატუშას მშენებლობა მე-17 საუკუნეში დაიწყეს. სამუშაოები მრავალ ათწლეულზე გაიწელა. კლასიციზმის სტილის შენობა გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით, სიმეტრიით.
მე-14 საუკუნის კონსტრუქცია, რომელიც მალტელმა რაინდებმა შექმნეს მავრიტანულ სტილში. შუა საუკუნეებში ის ქალაქის დამცავ კომპლექსში შედიოდა.
სან სერვანდოს ციხესიმაგრე
ტახოს ნაპირებზე სტრატეგიულ სიმაღლეზე მდებარეობს შუა საუკუნეების ეპოქის გრანდიოზული სასახლე. სათოფე და კოშკები…. დეკორირებულია მართკუთხა კბილებით
შენობა ნაცრისფერი ქვით არის ნაშენი, მაგრამ მაინც შთამბეჭდავი იერი აქვს.
სან ხუან დე ლოს რეიესის მონასტერი (Monasterio de San Juan de los Reyes)
მე-15 საუკუნის ფრანცისკანელების ტაძარი გვიანდელი ესპანური გოთიკის ნიმუშია. ის თავდაპირველი ჩანაფიქრით სამეფო მავზოლეუმი უნდა გამხდარიყო. კომპლექსში შედის სამლოცველო. აქ ნახავთ ქრისტიანთა ჯაჭვებს, რომლისგანაც დაიხსნეს მავრების ტყვეობიდან.
ამ მუზეუმის პოპულარობა დიდი ხანია გაცდა ქალაქის და ქვეყნის საზღვრებსაც. მადრიდში ჩასული ტურისტები ტოლედოში ამ მუზეუმის მოსანახულებლადაც მიდიან. ძირითადი ფასეულობა ელ გრეკოს ათეულობით სურათია.
კომპლექსი მდებარეობს შენობაში, რომელიც ერთ დროს ჰოსპიტალი იყო. აღორძინების სტილში აგებული ვარდისფერი ქვიშაქვისგან.
სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი: 10:00-19:00, კვირა და სადღესასწაულო დღეები: 10:00-14:30.
ფასი: 8 ევრო
მუზეუმის დარბაზებში წარმოდგენილია დაახლოებით 40 ექსპონატი, მათ შორის წამების საშუალებები, რომლებიც ვაჭრებისგან შეიძინეს. ეს მუზეუმი საკმაო ადრენალინს უზრუნველჰყოფს.
წარმოდგენილია გილიოტინა, ერთგულების ქამარი, სირცხვილის ნიღაბი, თავისა და კიდურების შესაკუმში პრესები და სხვა საშინელი ინსტრუმენტები.
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი – 10:00-14:00 და 16:00-21:00. შაბათ-კვირას – 10:00-21:00.
ბილეთის ფასი: 5 ევრო
სინაგოგა სანტა მარია ლა ბლანკა
ებრაულ კვარტალშია ევროპაში ერთ-ერთი უძველესი ტაძარი, რომელიც ანტიკური სინაგოგადან წარმოიშვა.
სინაგოგა დელ ტრანსიტო (Sinagoga del Tránsito)
მე-14 საუკუნის სინაგოგა, სადაც ამჟამად სეფარდების მუზეუმია (Museo Sefardí).
სეფარდები – ებრაელთა შთამომავლები, რომლებიც XV საუკუნეში განდევნეს.
სანტო ტომე (Iglesia de Santo Tomé)
ყოფილი მეჩეთის ადგილზე მდებარე გაბარიტებით მოკრძალებული მე-12 საუკუნის ტაძარი, სადაც ინახება ელ გრეკოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შემოქმედება „გრაფი ორგასის დაკრძალვა“.
სან ილდეფონსოს ტაძარი (Iglesia de San Ildefonso)
მე-17-18 საუკუნეების ბაროკოს სტილის კომპლექსი.
კრისტო დე ლა ლუსის მეჩეთი (Mezquita del Cristo de la Luz)
ერთ-ერთი უდიდესი არაბი არქიტექტორის პროექტი, რომელიც ქრისტიანებისთვის ეკლესიად გადაკეთდა. ინახება მე-13 საუკუნის უნიკალური ფრესკები.
ესპანური არმიის მუზეუმი
ესპანეთის სამხედრო ისტორია. ინტერიერი დამშვენებულია ჰერალდიკური ფარებით, რომელიც თვით დიეგო ველასკესმა შექმნა.
გობელენებისა და ტექსტილის მუზეუმი
გაიხსნა 2014 წელს, სადაც ნახავთ მე-15 საუკუნის ბრწყინვალე გობელენებს, რომელთა უმრავლესობა რელიგიურ თემას ეძღვნება.
ტავერას ჰოსპიტალი
1603 წელს აგებული რენესანსის სტილში პირველი სრულად კლასიკური ნაგებობა გახდა სახელმწიფოში. კომპლექსში შედის შიდა ეზოები, ტაძარი და ციხესიმაგრე-მუზეუმი.
რკინიგზის სადგური
ულამაზესი ნაგებობა მუდეჯარის სტილში და ჰგავს მავრების შუა საუკუნეების სასახლეს. გამოირჩევა მდიდრული დიზაინითა და ექსტერიერით.
მუდეჯარები იყვნენ მაღალკვალიფიციური ხელოსნები, რომლებმაც შექმნეს არაბული და ესპანური მხატვრული ელემენტების უაღრესად წარმატებული ნარევი.
მირადორ დელ ვალე (Mirador del Valle)
თუ ქალაქის საუკეთესო პანორამების ნახვა გსურთ, უნდა გადახვიდეთ მდინარეზე და ტოლედოს საზღვრებისკენ გაემართოთ. მაგალითად, ამ პოპულარულ სადამკვირვებლო მოედანზე (ამ ადგილამდე ზემოხსენებული ტურისტული ZocoTren მოგიყვანთ და ცოტა ხნით ჩერდება, რათა ტურისტებმა ფოტოები გადაიღონ). ადგილობრივები აქ დაისის სანახავად იკრიბებიან.