„ორივე ირაკლი ძალიან გამორჩეული ადამიანია. ორივე ერთმანეთზე უკეთესი. რაც შეეხება დღევანდელი პრემიერობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს, ის მართლაც გუნდის გამორჩეული ლიდერია. ის არის კარგი და ძლიერი პოლიტიკოსი, შესანიშნავი მენეჯერი, კომუნიკაბელური, მეგობრული, მაღალი განათლების და კომპეტენციის მქონე ინტელექტუალი, პატრიოტი, განსაკუთრებული ხედვებით. ის სანდო და საიმედო ფიგურაა პარლამენტარიზმის ისტორიაში“ – ასე დაახასიათა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, რიმა ბერაძემ პრემიერობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე.
დეპუტატმა გადაცემაში „დღის თემა“ თქვა რომ კობახიძე წესიერი ადამიანია და მისი მმართველობა ქვეყანას კეთილდღეობას მოუტანს.
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ ახალ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს, რიმა ბერაძე ამბობს, რომ მისი მუშაობის პერიოდში ქვეყნის საკეთილდღეოდ არაერთი რეფორმა განხორციელდა.
„არ შემიძლია კიდევ ერთხელ მადლობა არ გადავუხადო ორივე ირაკლის. უპირველეს ყოვლისა ირაკლი ღარიბაშვილს. მისი მუშაობის პირობებში უმნიშვნელოვანესი რეფორმები განხორციელდა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ის არის გამორჩეული გამოცდილების პროფესიონალი, რომელმაც შეძლო და მთლიანად მთავრობის საქმიანობის შედეგად ჩვენს ქვეყანაში შეუნარჩუნა მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკის გაუმჯობესება, უამრავი სოციალური პროგრამების განხორციელება. ინფრასტრუქტურული და რეგიონალური პროექტები“ – განაცხადა რიმა ბერაძემ.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინა. პარტიის წესდების მიხედვით, კანდიდატი პოლიტსაბჭოს საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარუდგინა.დელეგატებმა კი კობახიძის კანდიდატურას მხარდაჭერა ერთხმად გამოუცხადეს.
მანამდე „ქართული ოცნების“ ყრილობამ პარტიის თავმჯდომარედ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აირჩია. ყრილობას ესწრებოდა პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი.