ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი 2024 წლის იანვრის ხაჭაპურის ინდექსს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება, 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, 2%-ით გაიზარდა და საშუალოდ 6.62 ლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში, 2023 წლის იანვართან შედარებით კი, ღირებულება 4.6%-ითაა შემცირებული.
ხაჭაპურის მომზადების ფასი, ქალაქების მიხედვით, 6.40 ლარსა (ბათუმი) და 7.11 ლარს (თბილისი) შორის მერყეობს.
ანალიზი აჩვენებს, რომ წლიურად ხაჭაპურის თითქმის ყველა ინგრედიანტის ფასმა მოიმატა: საფუარი (+13.6%), რძე (+11.6%), კარაქი (+10.4%), კვერცხი (+3.7%). გამონაკლისს წარმოადგენს ყველი (-9.5%) და ფქვილი (-5.1%), რომელთა ფასები წლიურ ჭრილში შემცირდა.
წლის ამ პერიოდში ფასები ტრადიციულად იზრდება, რადგან რძის ადგილობრივად წარმოება მცირდება, რის გამოც რძის ფხვნილის, რძის ნაღებისა და რძის სხვა პროდუქტების იმპორტი იზრდება.