„თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებისთვის, საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა“, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება:
„კლინიკის პერსონალისთვის, საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა და არჩევანის გასაკეთებლად, დრო, 5 თებერვლის ნაცვლად, 5 მარტამდე განისაზღვრა.
შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში, რეორგანიზაცია, 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დასრულდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის წევრებმა, კლინიკის თანამშრომლების სურვილისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით მიიღეს.
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოსა და მის თანამშრომლებთან დაკავშირებით, ამომწურავი, დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, კლინიკის პერსონალთან პირდაპირი კომუნიკაცია გრძელდება. „სამედიცინო ჰოლდინგის“ ხელმძღვანელებსა და ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან, შეხვედრები, 5 მარტამდე, ყოველდღიურად, 18:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად, ახალი სამედიცინო ცენტრი აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებს და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ, რამდენიმე შეთავაზებიდან მათთვის სასურველი აირჩიონ.