რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად ჩაძირვა თუ პრემიერ კობახიძის დროს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნები წაგებული აქვს. მისივე განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პრემიერის დროს მოხდება მათი ლიკვიდაცია.
„რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს პრემიერ ღარიბაშვილის დროს მოხდება პოლიტიკურად ჩაძირვა თუ პრემიერ კობახიძის დროს. რადიკალური ოპოზიციიდან ჩვენ ვხედავთ წინასაარჩევნო წუწუნს, რომელიც აუცილებლად გადაიზრდება კვნესაში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ. აქედან გამომდინარე, რადიკალურ ოპოზიციას წაგებული არჩევნები აქვს და სახელისუფლებო გუნდში რა გადაადგილებები იქნება, ეს გასაგები და აღსაქმელი მხოლოდ საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვისაა, მაგრამ რადიკალური ოპოზიციისთვის, მნიშვნელობა არ აქვს რომელი პრემიერის დროს მოხდება მათი ლიკვიდაცია. ეს განწირული ხმა ჩვენ უკვე ძალიან ხშირად გვესმის მათი მხრიდან, რომელიც აუცილებლად დასრულდება იმ პოლიტიკური პანაშვიდით, რომელსაც ჩვენ არჩევნების შემდგომ ვნახავთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.