დიდუბის მეორე შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასრულდა. როგორც თბილისის მერიია აცხადებს, დიდუბის რაიონში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში დიდუბის მეორე შესახვევში ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. პროექტის მიხედვით, მოიხსნა დაზიანებული ასფალტის საფარი, მოეწყო საფუძველი, 1 500 კვ. მეტრ ფართობზე კი დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარი. აღნიშნულ ტერიტორიაზე აგრეთვე განხორციელდა დაზიანებული ბორდიურებისა და ტროტუარის დემონტაჟი.
საგზაო სამუშაოები განხორციელდა ასევე დიღმის მასივის მე-3, მე-4 და მე-5 კვარტლებში. “წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს ევდოშვილის ქუჩა 2/10-ში, სამუშაოების დასრულების შემდეგ დიდუბის რაიონის გამგეობა აღნიშნულ ტერიტორიაზე ასფალტის საფარის დაგებას უზრუნველყოფს”, – ნათქვამია განცხადებაში.