LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლევან დავითაშვილი – იმედი გვაქვს, რომ დავოსში გამართული შეხვედრების შემდეგ წამყვანი კომპანიები საქართველოში ინვესტირებას გადაწყვეტენ

116
ლეო

მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილის თქმით, ფორუმისთვის მზადება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და ღონისძიების ფარგლებში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საერთაშორისო კომპანიებთან არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

„დავოსი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც  უკვე რამდენიმე ათეული წელია, ყალიბდება აზრი ბევრი მნიშვნელოვანი ტენდენციის შესახებ. ასევე, ის საინტერესოა პრაქტიკული კუთხითაც, რადგან გადაწყვეტილებები მიიღება კონკრეტულ პროექტებთან, საინვესტიციო მიმართულებებთან დაკავშირებით და ჩვენთვის სწორედ ეს მიმართულებაა გამორჩეული. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებში დავოსი, ეკონომიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი პოლიტიკური პლატფორმაც გახდა, ამიტომ ქვეყნის ცნობადობისა და რეპუტაციისთვის მნიშვნელოვანია მასში მაღალ დონეზე მონაწილეობა“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, დავოსის ეკონომიკური ფორუმზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს რამდენიმე პანელურ დისკუსიაში. გარდა ამისა, ჩანიშნულია საქართველოს დელეგაციის B2B შეხვედრები კონკრეტულ ბიზნეს პროექტებთან დაკავშირებით. როგორც ეკონომიკის მინისტრი აღნიშნავს, შეხვედრების მონაწილე ბიზნესების გეოგრაფიის გარდა ფართოა სექტორული მიმართულებების სპექტრიც.

„შეხვედრებს გავმართავთ მსოფლიოს ბევრ კომპანიასთან, დაწყებული აშშ-თი და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის  წამყვანი ბიზნეს ჯგუფებით დამთავრებული. ასევე, მრავალფეროვანია სფეროები – ეს ეხება როგორც ფინანსურ მომსახურებას, ისე კონკრეტულ სხვადასხვა სექტორებს – სატრანსპორტო, ლოგისტიკურ, სამშენებლო, რითეილ და სხვა მიმართულებებს. ამასთან, შეიძლება პარალელური შეხვედრები გაიმართოს და იმედი გვაქვს, რომ ეს ისინი პროდუქტიული იქნება და წამყვანი კომპანიების მხრიდან მიღებული იქნება გადაწყვეტილებები საქართველოში ინვესტირების შესახებ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შვეიცარიის საკურორტო ქალაქ დავოსში რიგით 54-ე ეკონომიკური ფორუმი დღეს იხსნება. წინასწარი ინფორმაციით, ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 100-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია და მთავრობათა მეთაურები, პრაქტიკულად, ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაცია და საერთაშორისო ბიზნესების წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა რეგიონიდან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები