ვარკეთილში მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულმა გიორგი კავლელაშვილმა დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრალდებულის ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ გაუცხადა.
ადვოკატის თქმით, ბრალდებული ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია:
„როგორც მოსალოდნელი იყო, ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულის პოზიცია პროკურორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო არ იყო. მან დღეს გაიგო, რომ მისი მეუღლე გარდაცვლილია და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდა, ამბობდა, „პასუხი უნდა ვაგო, არაფრის ღირსი არ ვარო“ და ა.შ. ძალიან ემოციური ფონი იყო. ბრალს გაეცნო.
შეიძლება მან დანაშაული აღიაროს, სიტყვიერად ყველაფერი თქვას, ასე, ისე მოხდა, მაგრამ მარტო მისი სიტყვები საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ეს დანაშაული შეერაცხოს.
ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა. მისი მონაყოლიდან გამომდინარე იკვეთება, რომ რაღაცებს ვერ აცნობიერებს და დეტალებს ვერ იხსენებს. აქედან გამომდინარე, ვერც მოტივზე საუბრობს და ვერც ჰყვება, რატომ, რა მოხდა დეტალურად. ამისთვის საჭიროა ექსპერტიზა, რომელიც ყველაფერს დაადგენს. დანაშაული ჩაიდინა თუ არა, მას სწორედ ექსპერტიზა ადგენს.
ქმედების დროს, თუ შეურაცხადობა დადგინდა, დანაშაულიც აღარ დგინდება, აქ მთავრდება ყველაფერი. დანაშაულის მოტივი შეურაცხადობა ვერ იქნება იმიტომ, რომ შეურაცხადობა ავტომატურად არ ნიშნავს დანაშაულს ან იმას, რომ დანაშაულს გამორიცხავს.
ქმედება სხვა რამეა, დანაშაული სხვა რამე. აღკვეთის პოზიციას დაეთანხმა, რამე ალტერნატივა გირაო ან სხვა არასაპატიმრო შუამდგომლობა არ დაგვიყენებია.
როგორც აღვნიშნე, ბრალდებულმა ახლახან გაიგო, რომ გარდაცვლილია და პასუხისმგებლობა იგრძნო, ეს რა მოხდაო.
თვითონაც მიიჩნევს, რომ გარკვეულწილად დამნაშავეა და მძიმე მდგომარეობაშია და დანარჩენი, დანაშაული მისი აღიარებიდან კი არ დგინდება, დგინდება მტკიცებულებებიდან გამომდინარე. გამოკითხვა კიდევ არ მომხდარა, ანუ ჩვენება არ დაგვიფიქსირებია“, – განაცხადა გიორგი მდინარაძემ.
ცნობისათვის, მეუღლის მკვლელობისთვის ბრალდებულ გიორგი კავლელაშვილს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.